თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სსიპ კოლეჯ ფაზისის ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის განყოფილების ეზოში ინფორმირებულობის მიზნით ,,ღია კარის დღე ღია სივრცეში" მოეწყო. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა, გაცნობოდნენ კოლეჯში განხორციელებად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მატერიალურ ტექნიკურ ბაზას, გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი და დარეგისტრირებულიყვნენ სასურველ სპეციალობაზე.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კოლეჯი ,,ფაზისი“-ს დირექტორთან ნინო ბაკურაძესთან და ხობი-ნოჯიხევის განყოფილების სასწავლო პროცესისა და სასწავლო პრაქტიკის მენეჯერთან ფერიდე გოგიასთან ერთად დაათვალიერეს სტუდენტების ნამუშევრები და გაეცნენ მათ ჩართულობას სხვადასხვა სფეროში.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება. სწავლება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და გაიცემა სახელმწიფო დიპლომი.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ - ვებგვერდზე - vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით არსებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.