სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით,
ქალაქ ხობში, კენკრის სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი
მეურნეობის შესაქმნელად 2 მილიონ 300 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიამ
„ბლუ ბერდ ბერიზ“ სოფლის განვითარების სააგენტოდან 500,000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო
და 1,4 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
ახლადგახსნილ საწარმოში ლურჯი მოცვის
სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო
რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს
თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე გაეცნენ.
საწარმოში სეზონურად 600 ტონა ლურჯი
მოცვის შენახვა და გადამუშავებაა შესაძლებელი. კომპანიაში „ბლუ ბერდ ბერიზ“ 25-ზე მეტი
ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქცია განკუთვნილია როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივი
ბაზრისათვის.
თანამედროვე სამაცივრე ინფრასტრუქტურა
მოემსახურება მუნიციპალიტეტის ფერმერებს სრული ციკლით - შენახვიდან დახარისხებამდე,
რაც ლურჯი მოცვის ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.
კომპანიამ 2021 წელს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 10 ჰა-ზე
გააშენა ლურჯი მოცვი. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 158,000 ლარი. ასევე, კომპანიამ
ისარგებლა მექანიზაციის პროგრამით და შეიძინა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სახელმწიფო
თანადაფინანსებამ შეადგინა 19,000 ლარი.
