31 ივლისი ხობის ქალაქის სტატუსის დღე

 


დღეს ხობის, როგორც ქალაქის იუბილეა, 1981 წლის 31 ივლისს მას ქალაქის სტატუსი მიენიჭა. 

     ხობში საქალაქო ცხოვრება ჯერ კიდევ ადრე შუასაუკუნეებში ყვაოდა, რასაც ადასტურებს ხობის მონასტერსა და მის შემოგარენში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ნაგებობათა ნაშთები... სამწუხაროდ ჩვენი ისტორიის ქარტეხილების შედეგია, რომ მე-20 საუკუნეში საჭირო გახდა ხობს ქალაქის სტატუსი მინიჭებოდა. ეს კი ხობელებისა და ხობის მაშინდელი თავკაცის ნუგზარ ნადარაიას თავდაუზოგავი შრომის შედეგად გახდა შესაძლებელი...

    სახელწოდება ხობის ძველი ფორმაა ხოფი, ხოპი. ამ სიტყვის მნიშვნელობა ჩვენთვის უცნობია, ხოფი-ხოფა-ხოფური ქვია დასახლებებს, სალოცავებს, მდინარეებს საქართველოში, ლაზეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში. ყურძნის ერთერთ სახეობას ,,ხოფურა’’ ქვია. შესაძლოა წინაქრისტიანულ ხანაში ხოფი რომელიღაც ღვთაებას ერქვა. ხობის მონასტრის მთავარ ხატს ,,ხოფის თეთროსან ღვთისმშობელს’’ უწოდებდნენ. ხობელობა-ხობარობა-ხოპარობა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ხობს უკავშირდება ისეთი დიდი მამულიშვილების სახელები, როგორიცაა გუბაზ მეფე, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ცოტნე დადიანი... 

   ხობი არის სამეგრელოს ძველ დადიანთა და გვიან შუასაუკუნეების აფხაზეთის კათოლიკოსთა საძვალე... ხობი კვართოსნების ქალაქია...

    ხოპარობა ყველა რომ ყველა დროში საამაყო იყო, ამის დასტურად ესეც საკმარისია: ხობის ტაძრის კანკელის წინ, ჩრდილოეთით გამოსახულია ხობელი იერარქის ნიკოლოზ ხოფელი, წულუკიძის ფრესკა, იგი მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწეა. XI საუკუნის ქართული ხელოვნების უბრწყინვალესი ტაძრის-ნიკორწმინდის დასავლეთ კედელზე გამოსახულია ზემოთ დასახელებული მოღვაწე წარწერით: ,,ნიკოლოზ ხოპარი, წულუკიძე’’. უნდა შევნიშნოთ, რომ წულუკიძეები რაჭის უძლიერეს ფეოდალურ გვარს წარმოადგენდა.

  ხოფის თეთროსანი ღვთისმშობელი შეგეწიოთ ხოპარებო!

ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია