აია სოფია-ჯვარ სოფია. ხობი, პირველი მაისი 2022


წმ.სოფიოს ტაძარი ხობი, პირველი მაისი 2022 წელი წმ. სოფიოს არქიტექტურული კომპლექსი სოფელ პირველ მაისში, მდინარე მუნჩიას მარჯვენა სანაპიროზე, ლამაზ ბორცვზე მდებარეობს. მანძილი ხობიდან ტაძრამდე 6.8 კილომეტრია. ამ სალოცავს ხალხი ,,აია სოფიას’’, ხანდახან ,,ჯვარ სოფიას’’ უწოდებს. ტაძართან ახლოს გამოქვაბულია. გადმოცემის თანახმად, აქ დასახლება ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში არსებობდა . ტაძარი ნატაძრალზე დგას, რასაც მოწმობს ეზოში მიმოფანტული და თვით ნაგებობაში უსისტემოდ ჩაშენებული ჩუქურთმიანი ლოდები. ტაძრის ეზოში და მის შემოგარენში შეგვიძლია ვიხილოთ ანტიკური და ფეოდალური ხანის არტეფაქტები. ასევე, ტაძრის სამხრეთით აღმოაჩინეს ოქტავიანე ავგუსტუსის ვერცხლის მონეტა. ამბობენ, რომ ტაძრის ტერიტორიიდან ბერძნებს წმ. სოფიოს ხატი მოუპარავთ და საბერძნეთში გემით გამგზავრებულან. ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდნილა, ბერძნებს ღმერთისთვის უთხოვიათ, ოღონდ გადაგვარჩინე და დავბრუნდებით, ტაძარს ვაზის კარებს შევსწირავთო. ამ ლეგენდის დღემდე სჯერათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. სალოცავს დღემდე ძალიან ბევრი სტუმრობს. ადამიანები, რომლებთაც სიძველეები იზიდავთ, რაიონისა და ტაძრის მუდმივი ვიზიტორები არიან.