ცხოვრების უკანასკნელი წლები
XIX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ბენედიქტე საქართველოშია. იგი სამეგრელოში, ნახარებაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების მონასტერში აგრძელებს მოღვაწეობას.
1900 წლის 30 მარტს წმ. სინოდის ბრძანების საფუძველზე, მღვდელმონაზონი ბენედიქტე გარეჯის ლავრის წინამძღვრად დაინიშნა და იღუმენის პატივში იქნა აღყვანილი.
1901 წლის 18 აგვისტოს წმ. სინოდის ბრძანების საფუძველზე, ბენედიქტე ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან და სამეგრელოში ხობის მონასტრის უშტატო წევრად დაინიშნა.
საქართველოში ყოფნისას იგი დროს უქმად არ კარგავ და. ქართველი ბერთა მიმოსვლა და კავშირი ათონთან რომ არ შეწყვეტილიყო, მან რუსეთის მთავრობასა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) სთხოვა, ხობის მამათა მონასტრის ეზოში ორსართულიანი შენობის აგება, რომელიც ათონის წმ. იოანე ღვთისმეტყველის მონასტრის დაქვემდებარებაში იქნებოდა. მისი აზრით, ხობის მონასტერი „მთელ კუთხეს საუნჯედ შეექმნებოდა“ და ვისაც ათონზე წასვლა არ შეეძლო, სამონასტრო ცხოვრებას ამ მონასტერში გაივლიდა. აი, რას წერდა იგი ეპისკოპოს ალექსანდრეს 1902 წლის სექტემბერში: „როგორც თქვენს მეუფებას მოეხსენება, უძველესი დროიდან ათონის მთის სავანეებს გააჩნდათ თავისი მეტოქეები საქართველოში, რითაც ხორციელდებოდა ცხოველი კავშირი ათონის მთის მონასტრებსა და ქართულ სავანეებს შორის. ამის წყალობით, ათონის მთის მკაცრი და ასკეტური ცხოვრების ბერული წესი საქართველოშიც აღწევდა და განამტკიცებდა აქაურ მოღვაწეებს ქრისტეს მსახურებაში. სამწუხაროდ, უკანასკნელ საუკუნეებში განვითარებულმა მოვლენებმა ეს ტრადიცია მოშალა და მეტოქეებიც გავერანდა და დაცარიელდა. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, რომ დაგვრთოთ ნება ხობის მონასტრის ეზოში ავაშენოთ ორსართულიანი შენობა, სადაც გვექნება საშუალება ათონის მთის ბერებს საქართველოში მყოფობის ჟამს ვიცხოვროთ იქ, და ჩვენი არყოფნის პერიოდში კი ხობის მონასტრის საძმო გამოიყენებდა ამ შენობას თავისი შეხედულებისამებრ. ამჟამად მეც ამ მონასტერში ვდგევარ. ეს კარგი იდეა არანაირად არ იმოქმედებს ხობის მონასტერზე უარყოფითად, პირიქით, მხოლოდ სიკეთეს მოუტანს მას. ამასთანავე, წარმოგიდგენთ გეგმას ორსართულიანი შენობისას და უმდაბლესად გთხოვთ დაგვრთოთ ნება და ვიწყოთ მშენებლობა უახლოეს პერიოდში“.
ეპისკოპოს ალექსანდრეს მოეწონა ბენედიქტეს განზრახვა და 1902 წლის 28 ოქტომბერს დართო მშენებლობის დაწყების ნება, მაგრამ ხობის მონასტრის იმჟამინდელი წინამძღვრის უარის გამო და ისევ ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორის ჩარევით ეს კეთილი წამოწყება ჩაიშალა.
XX საუკუნის დასაწყისში ათონის მთის პრობლემებით დაინტერესდა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ხახანაშვილი, რომელმაც იმოგზაურა წმ. მთაზე. მან ქართველი ბერების მოთხოვნა სამართლიანად მიიჩნია და გაზეთში „პეტერბურგის უწყებანი“ შესაბამისი წერილიც გამოაქვეყნა სათაურით: „როგორ უნდა გათავდეს ბერძენთა და ქართველთა საქმე ძველს ათონზე“.
ბენედიქტე გამოეხმაურა ამ სტატიას და წერილიც მისწერა ცნობილ მეცნიერს. ბენედიქტეს იმედი ჰქონდა, რომ პირადად შეხვდებოდა ა. ხახანაშვილს, მაგრამ ეს არ ეღირსა – 1911 წლის შემოდგომაზე მას მოულოდნელად დამბლა დაეცა და სამი თვის ავადმყოფობის შემდეგ, იმავე წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა.
http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94_(%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98)
ლევან ზვიადის ძე ღვინჯილიას ფბ გვერდიდან