ძნელია წარსულში ილაპარაკო ადამიანზე, რომელთანაც ხანგრძლივი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა გაკავშირებდა, მაგრამ ეს სამწუხარო რეალობაა.
მიუხედავად ასაკით დიდი სხვაობისა, თენგიზ ქაჯაია იყო ეროვნული მოძრაობის ლიდერების_ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას უახლოესი თანამებრძოლი.
საქართველოში პრეფექტურის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ, პირველი პრეფექტი იყო ბატონი თენგიზი. მან ხობის რაიონში, მისი ხანმოკლე მუშაობის პერიოდში, უდიდესი კვალი დატოვა. ის იყო უაღრესად კომუნიკაბელური, საოცრად ლაღი, და, რაც მთავარია, თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალი. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული ყველა თათბირი მიმდინარეობდა საქმიან ვითარებაში. წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა ხდებოდა სწრაფად და ოპერატიულად. ინტენსიურად ატარებდა შეხვედრებს მოსახლეობასთან. შეიძლება ითქვას, ცხოვრობდა მათი ცხოვრებით. იყო საოცარი ორატორი. მინდა გავიხსენო, ასეთი შემთხვევა, იმხანად წამყვანი კლუბები მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში.
საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდგომ, 1991 წლიდან დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლეს ლიგაში მონაწილეობდა ხობის `კოლხეთი~. ეროვნული ჩემპიონატის გახსნის პირველი თამაშის წინ მისი გამოსვლა იყო ძალიან ემოციური და ვინც ესწრებოდა იმ თამაშს, ალბათ, არავის დაავიწყდება მისი სიტყვები: `მოვა დრო და ქართული კლუბები წარმატებით იასპარეზებენ ევროპის საკლუბო ტურნირებზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრები კი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებში~.
არადა იმ დროს საქართველო არ იყო არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, რასაც მოჰყვა ხანგრძლივი ტაში და ოვაციები. ეს საოცრად ამაღელვებელი იყო, მისი ქაღალდზე გადმოტანა ძალიან ძნელია.
რაჭაში მომხდარი მიწისძვრიდან ძალიან მოკლე დროში მისი თაოსნობით შეიკრიბა რაიონში, მოქმედი ყველა სახელმწიფო და კერძო საწარმოს ხელმძღვანელობა. ამ შეკრებისას მისი გამოსვლა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი ხმის ტონი სულ სხვა იყო, ეს სულ სხვა თენგიზი იყო. სევდიანი და აცრემლიანებული თვალებით, მაშინვე შეიქმნა სპეციალური ფონდი სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და რამდენიმე დღეში საკმაოდ სოლიდური თანხა იქნა მობილიზებული.
იგი ძალიან განიცდიდა საქართველოში 1991 წლის მეორე ნახევრიდან მიმდინარე მოვლენებს...
ქალაქ თბილისში დაიწყო მიტინგები, რეომელსაც როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერები მართავდნენ. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და ხელისუფელბის მხარდასაჭერ ერთ-ერთი მიტინგის მიმდინარეობისას გაჟღერდა, რომ ქ. თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები თავს იკავებდნენ და არ უერთდებოდნენ მომიტინგეებს.
ბატონი თენგიზი სასწრაფოდ გაემგზავრა თბილისში. დაახლოებით დღის 12 საათზე, მიტინგზე გაცხადდა, რომ დიდი რაოდენობის სტუდენტი ახალგაზრდობა უერთდებოდა მომიტინგეებს და საოცრებავ, მართლაც 10-15 წუთში გამოჩნდა ახალგაზრდობის რამდენიმე ათასკაციანი კოლონა და მათ წინ ბატონი თენგიზ ქაჯაია მოუძღოდა.
მისი დიდი ავტორიტეტის წყალობით, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობები ყოველთვის ნორმალურ ვითარებაში ხორციელდებოდა. შეიძლება ითქვას, იმაზე მეტს ვაღწევდით, ვიდრე ჩვეულებრივად იყო შესაძლებელი.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ის ძალიან განიცდიდა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომლებმაც ძმათამკვლელ ომამდე მიგვიყვანა და რომელსაც თავად შეეწირა.
ძალიან კარგად მახსოვს მასთან ბოლო შეხვედრა. 20 დეკემბერს მისი დავალებით მივლინებით წავედით ქ. თბილისში, მაშინდელი საგადასახადო ინსპექციის უფროს რამაზ კვარაცხელია, შემნახველი ბანკის მმართველი ჰამლეტ ხარებავა და მე, მაშინ აგროსამრეწველო ბანკის მმართველი. ჩვენს ხელმძღვანელობასთან უნდა მოგვეგვარებინა სხვადასხვა ფინანსური საკითხები. მოგეხსენებათ, მაშინ ბრუნვაში იყო საბჭოთა მანეთი და ფულის ნიშნებით მომარაგება ხდებოდა რუსეთის ფედერაციიდან. საკითხის მოსაგვარებლად საუწყებო ხელმძღვანელებთან ერთად შევხვდით ჩვენი რაიონის მკვიდრს, აწგანსვენებულ ბატონ ტარიელ გელანტიას, რომელიც იმხანად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ და იფნანსთა მინისტრი ბატონ გურამ აბსანძეს.
ჩვენს მიერ წამოჭრილი ყველა საკითხი მათი მხარდაჭერით დადებითად გადაწყდა. ბატონი თენგიზი ტელეფონით ჩავაყენეთ საქმის კურსში. ის შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩა, ამასთან იკითხა, თუ რა მდგომარეობა იყო თბილისში. ეს იყო 21 დეკემბერი. ჩვენ იმავე საღამოს დავბრუნდით ქ. ხობში.
პრეფექტურის შენობაში ბატონი თენგიზი არ დაგვხვდა. გვითხრეს, რომ ის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა შეხვედრაზე. ჩვენ ფეხით წავედით პოლიციის შენობის მიმართულებით და გზაში შევხვდით ერთმანეთს. ჩქარი ნაბიჯებით მოდიოდა, მასთან შეხვედრა იყო ხანმოკლე. ის უპირველესად დაინტერესდა რა მდგომარეობა იყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენს პასუხზე, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ავტობუსებით იყო გადაკეტილი, მაგრამ იყო სიმშვიდე, მან შემოგვხედა და გვითხრა, ეს მოჩვენებითი სიმშვიდეა, ეს ასე არ არის. მე ახლა მივდივარ ქ. თბილისში. თქვენ გააგრძელეთ თქვენი საქმიანობა, შეგეხმიანებით.
მომეჩვენა რომ თვალები აცრემლებოდა. სახეზე, როგორც იტყვიან, ღიმილის ნატამალიც აღარ ეტყობოდა. ჩვენს წინაშე სულ სხვა თენგიზ ქაჯაია იდგა... ვიგრძენი, რომ მან ბევრად მეტი იცოდა, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ეს არ გვაგრძნობინა, ხელი ჩამოგვართვა, დაგვემშვიდობა და კიდევ ერთხელ გვითხრა, შეგეხიანებითო.
მეორე დილით, 22 დეკემბერს თბილისში პირველი ტყვია გავარდა... 30 დეკემბერი მისი გარდაცვალების თარიღია. 31 დეკემბერს ბატონი თენგიზი ხობში, მის მშობლიურ საჯიჯაოში ჩამოასვენეს.
თენგიზ ქაჯაიას მსგავსი ადამიანები, თანამედროვე გმირები ხშირად არ იბადებიან. სამშობლოსთვის ასეთი თავგანწირვა, ასეთი სიკვდილი, ეროვნული იდეების ერთგულება მხოლოდ მამაცთა ხვედრია.
18 მარტს თენგიზ ქაჯაია 59 წლის გახდებოდა.
დიდება მის სპეტაკ სულს.
ბორის ჯიქია.