https://www.facebook.com/1565175510387773/posts/3093400274231948/
ამონარიდი
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის
ქადაგებიდან / 27.02.2022./
(2) დღეს ჩვენ ვილოცეთ საყოველთაო მშვიდობისათვის და განსაკუთრებით ვავედრებთ უფალს ჩვენი მოძმე ერის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის მოსახლეობას, ამ ქვეყნის ცხოვრებას. თქვენ იცით რა საშინელი ამბავი ტრიალებს ახლა იქ; რუსეთის ფედერაცია სასტიკ ომს აწარმოებს იმ ქვეყნის მიმართ, რომლის ემბაზში ნათლობითაც დაიწყო რუსული ცივილიზაციის ისტორია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, მით უფრო, რომ 2008 წლიდან დიდი დრო არ არის გასული, და ჯერ კიდევ ღიაა ჩვენს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ სხეულზე არსებული ჭრილობები; ჩვენ იმ ქალაქში ვიმყოფებით, რომლის თავზეც ცვიოდა ჭურვები, იყვნენ დაჭრილები და დახოცილები.
დღემდე აქტუალურია და პასუხს ითხოვს კითხვა: რაში მდგომარეობდა (ან მდგომარეობს) საქართველოს ბრალეულობა? ალბათ, მხოლოდ იმაში, რომ თავისუფლება სურდა!
დღეს ვხედავთ, რომ უკრაინა ასევე ვერ გადაურჩა რუსეთის აგრესიას და მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მისი მასირებული დაბომბვა, ფართო მასშტაბით ხორციელდება შეტევა მისი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ; ...და რამდენი რამ ახლავს ამ უბედურებას?!
ეს ჩვენ გვიჩვენებს, რომ ერს, რომელმაც გადაწყვიტა თავისი ცხოვრების ბატონ-პატრონი გახდეს, მძიმე ფასის გადახდა უწევს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადამიანები მაინც არჩევენ თავისუფლებისთვის ბრძოლას, რადგან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და თავისუფლება გზას უხსნის ადამიანთა ღვთივბოძებული შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივებს.
ისტორია ხშირად მეორდება, მაგრამ მთავარი არის არა განმეორებითობა, არამედ გაკვეთილების გამოტანა, დასკვნების გაკეთება, რაც ყველას მართებს, თითოეულ ადამიანს, თითოეულ ერს.
დღეს მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორი ძალადობა და აგრესია ხორციელდება იმისთვის, რომ უკრაინას, მის მოსახლეობას წაართვან მომავალი. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ უკრაინელების წინააღმდეგ, ეს არის ღირებულებათა ომი;
შეიძლება ითქვას, რომ ეს ომი სრულიად ანგრევს საღი აზრისთვის სრულიად გაუგებარ იმ იმედებს (წესით, ცრურწმენებს!), რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მავანს რუსეთისა და რუსული სახელმწიფოს მიმართ ჰქონდა (ან აქვს).
ვფიქრობ, დროა საბოლოოდ გამოვერკვეთ და თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ ჩვენი სახელმწიფოს მომავალს!
უკრაინის განსაცდელი დღეს ჩვენი განსაცდელია და ის, რაც ამ დღეებში თბილისში ხდება, - მხედველობაში მაქვს რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე შეკრებილი სახალხო მოძრაობა, - ეს არის შეუფასებლად დიდი მორალური მხარდაჭერა თავისუფლების მოყვარე და მისთვის მებრძოლი უკრაინელი ერისთვის. ჩვენ, ვინც 2008 წელი გადაიტანა, კარგად ვიცით ასეთი მორალური მხარდაჭერის ფასი!
ღმერთმა დალოცოს ყოველი მშვიდობისმოყვარე ერი!ღ
მერთმა დალოცოს საქართველო!
ღმერთმა დალოცოს უკრაინა!
ღმერთმა დალოცოს თავისუფალი, ღვთისმოყვარე და სიკეთისმოყვარე ქართველი და უკრაინელი ერები!
ჩვენთან არს ღმერთი