ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა შორენა საბახტარაშვილმა მოქალაქეებს პანდემიის მართვის განახლებული გეგმა, იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული წამახალისებელი პროგრამები და მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება გააცნეს.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამის თებერვალშიც გაგრძელება და 50 წლის ასაკის ზემოთ ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილებისთვის 100 ლარის ჩარიცხვა, იმუნიზაციის ტემპს კიდევ უფრო გაზრდის.
მოსახლეობასთან შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მოადგილე დავით კუხალეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.