მამუკა გორგოძე კლუბ „სოხუმის“ პატარა მორაგბეებს შეხვდა

 საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მამუკა გორგოძე კლუბ „სოხუმის“ პატარა მორაგბეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა“ ავრცელებს. შეხვედრა „თეგეტას“ დახმარებით გაიმართა.

როგორც სარაგბო კლუბ „სოხუმის“ დამფუძნებელმა ლევან ჯობავამ განაცხადა, პატარა მორაგბეები შეხვდნენ ლეგენდას.

„არავითარი აჟიოტაჟი არ ყოფილა, იდგნენ მწკრივში, მოწესრიგებულად და როგორც ყველა სიტუაციაში, დისციპლინას მიჩვეულები, ახლაც მხოლოდ სახეზე შეატყობდით, დიდ სიხარულს. რაც მეტი დრო გავა, ეს შეხვედრა, მათთვის, კიდევ უფრო ფასეული გახდება - ჯერ ბავშვთა ასაკში არიან, შემდეგ გადავლენ „ჭაბუკებში“, ბოლოს კაცთა ასაკში ითამაშებენ. ყველა ამ ეტაპზე თავიდან მიხვდებიან, რა მასშტაბის ფიგურას შეხვდნენ და მამუკას სიტყვები, „მთავარია მონდომება“ ბევრად უფრო ფასეული და მნიშვნელოვანი გახდება მათთვის“, - განაცხადა ლევან ჯობავამ.

როგორც „თეგეტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „სოხუმი“ 2017 წლის შემოდგომაზე შეიქმნა.

„თუმცა, ყველაფერი, 2013 წელს დაიწყო, როცა ლევან ჯობავა და დავით დგებუაძე რაგბის სამოყვარულო კლუბ „ხალიბებში“ შეხვდნენ. შემდეგ რამდენიმე წელი, დავით დგებუაძე, გერმანიაში რაგბის თამაშობდა. ჩამოსვლისთანავე კი გადაწყვიტეს, ახალი კლუბი შეექმნათ. თავდაპირველად, ეს იყო სოციალური პროექტი და ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილი, 2007-2008 წლებში დაბადებული ვაჟები თამაშობდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.




„ამიტომ, სახელზე ბევრი არ გვიფიქრია. თან, გვინდოდა „სოხუმი“ ქართულ რაგბიშიც გაჟღერებულიყო და გამარჯვებებთან ყოფილიყო ასოცირებული“, - განაცხადა ჯობავამ.



როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ნელ-ნელა „სოხუმი“ სოციალურ ფარგლებს გასცდა და სპორტულ პროექტად იქცა; ბიჭები სულ უფრო მეტ თამაშს იგებდნენ და ვარჯიშებსაც კიდევ უფრო მეტი სერიოზულობით უდგებოდნენ. ამ ყველაფერთან ერთად, გაიზარდა კლუბის ხარჯებიც. 2021 წლის ზაფხულში, ახალი სეზონის დასაწყებად, 38 000 ლარი იყო საჭირო.

„ერთ დღესაც, დაგვიკავშირდნენ Tegeta Truck and Bus-ის წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ მიმდინარე სეზონზე, ეს კომპანია ჩვენი გენერალური სპონსორი იქნებოდა და სრულად გაიღებდა საჭირო თანხას“, - აღნიშნა ჯობავამ.

მისივე ინფორმაციით, ადმინისტრაციული და საორგანიზაციო ხარჯების გარდა, თანხით მორაგბეებისთვის ახალი ფორმები შეკერეს. კლუბის ერთ-ერთი წევრის ოჯახის ნაკვეთზე, მისი მამის ხელმძღვანელობით, ბიჭებმა საკუთარი ხელით ააშენეს გასახდელი, რომელიც კლუბს მანამდე არ ჰქონდა.