პოეტი ია ნანეიშვილი საკუთარ თავზე

 ია ნანეიშვილი

ბიოგრაფია


ია ნანეიშვილი . ოცდათვრამეტი წლის. იმ კატეგორიის ადამიანებს მივეკუთვნები, რომლებსაც ცხოვრებაში ორჯერ მოუწიათ დაბადება. პირველი შეხება სიცოცხლესთან იყო ბიოლოგიური, როდესაც დედამ ქრისტეშობისთვის სამ რიცხვში, სამეგრელოს ერთ პატარა,მაგრამ ულამაზეს რაიონში, ხობში მომავლინა სამყაროს... მეორე, როდესაც ლეიკემია დავამარცხე!.. არ მახსოვს პირველი დაბადება, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, თუ რა გზა გამოვიარე სიცოცხლის მეორედ მოსაპოვებლად...

 ცხოვრება მეორე შანსით, - ორჯერ მეტად ტკბილია და საპასუხისმგებლო. ეს შეხსენებაა, რომ უაზროდ წამის დაკარგვის უფლება არ გვაქვს. ახლა ვიცი, რომ არ არსებობს მცნება „შეუძლებელი“... თუკი გეძლევა შანსი, აუცილებლად უნდა გამოიყენო. მივხვდი, რომ ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელია, მთავარია საკუთარ თავში აღმოაჩინო ძალა, რწმენა, ოპტიმიზმი, შემართება და მიზანი.


ვცხოვრობ სიყვარულით,-სიყვარულისთვის...


ყოველ ახალ დღეს აღვიქვამ როგორც უდიდეს საჩუქარს უფლისგან და ვმადლობ...


განიარაღებული ვარ სიძულვილისაგან, რადგან ამ ქვეყნად სიძულვილი ყველაზე უკანასკნელია, რომელსაც შეიძლება სული ვანდო...


ჯიუტად ოპტიმისტი ვარ, არასოდეს ვკარგავ იმედს...


ბოლო დროს თითქმის არაფერზე ვტირი, რადგან ჩემი წილი ცრემლი უკვე დავღვარე...


ვიცინი?!- დარდებზე, შურზე, ბოღმაზე... და ხშირად საკუთარ თავზეც...


მაოცებენ უგულო ადამიანები, რომლებიც საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტილები ახლოს არავის იკარებენ...


ვლოცულობ ყოველთვის, განურჩევლად ადგილისა,რადგან მხოლოდ უფალთან სიახლოვით შეიძლება სულიერი სიმშვიდე მოიპოვო.


წერა ჩემი ბედის-წერაა... ბავშვობიდან დავიწყე, სწორედ ამან განაპირობა შემდგომში ჩემი პროფესიის არჩევანი,-ჟურნალისტობა.


მყავს ორი შვილი- გვანცა და ირინა მიქაუტაძეები.


გამოცემული მაქვს ლექსების სამი კრებული: „ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენთან ერთად ვივლი“, „მზეს მინდა მივწვდე“ და  „ სიკეთეს ღვთისფერი თვალები აქვს“.


ახლახანს ჩემი მეოთხე წიგნი „თეთრი ოცდაოთხი თვე“,-მოევლინა სამყაროს. რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს მივიძღვენი. ლეიკემია განაჩენი არ არის და არ არსებობს მტერი, რომლის დამარცხებაც არ შეიძლება!


საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი ვარ...

 საქართველოს ქალთა საბჭოს წევრი..

ჩემი ლექსები და ჩანაწერები იბეჭდება სხვა და სხვა პერიოდულ გამოცემებში, წიგნებში. ..

სოც. ქსელებში დიდი პოპულარობა და სიყვარული მოიპოვა ჩემმა ლექსებმა.

„შავი ბაღი“,- პირველი რომანია, აქამდე მსგავსი მცდელობა არ მქონია...

ვფიქრობ, ყოველი ადამიანი არის წაუკითხავი წიგნი, რომელიც იმსახურებს წაკითხვას.


"ათასი სანთელი მინთია,

ათასი მადლობის დარად. 

თქვენს იქით, სამყარო-მითია,

თქვენს გვერდით მიგულეთ მარად!" 

ია ნანეიშვილი