ქვებში გაცოცხლებული ხედვა: მალხაზ ადამიას ხელოვნება
ხობი მრავალ ნიჭიერ ადამიანს იცნობს, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც საკუთარი ნიჭით, განსაკუთრებული ხედვითა და თავდადებით ტოვებდნენ კვალს. ასეთი თვითნასწავლი შემოქმედი იყო აწ განსვენებული მალხაზ ადამია, რომლის ნიშას უნიკალური ადგილი ეკავა.
მალხაზი თავის ნამუშევრებს სრულიად უჩვეულო მასალით ქმნიდა. ის იყენებდა მდინარე ხობისა და ჭანისწყლის წყლებში შეგროვებულ ქვებს, რომლებსაც მისი ხედვა და შინაგანი სამყარო აძლევდა ფორმასა და შინაარსს. მალხაზ ადამიას მიერ შექმნილი სხვადასხვა ზომის სკულპტურები გამოირჩეოდა უჩვეულო და ორიგინალური ხედვით, რომელიც ქვის სიცივეში სითბოსა და გრძნობას აქსოვდა.
მისი შემოქმედების მწვერვალი და ყველაზე მასშტაბური ნამუშევარი იყო სიზმარში ნანახი ქალაქი კონსტანტინოპოლი. ამ კომპოზიციას მან განსაკუთრებულად დიდი დრო და ენერგია დაუთმო, რათა ქვებით აეგო საკუთარი ხილვა. ეს ნამუშევარი მისი ფანტაზიის, შეუპოვრობისა და მასალასთან შერწყმის უჩვეულო მაგალითია.
მალხაზ ადამიას შემოქმედებით გზაზე მუდამ თან სდევდა უდიდესი მხარდაჭერა და სიყვარული. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დედის კეთილშობილი სული, რომელიც თავდაუზოგავად ედგა მხარში შვილს და ხელს უწყობდა მის უჩვეულო საქმეში.
მალხაზ ადამია ხობელთა მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.
უფალმა აცხონოს მალხაზისა და მისი დედიკოს კეთილშობილი სულები.
#ხობელთახსოვნა

