ქ.ხობის N2 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლის ნოდარ კარტოზიას ფეისბუქ პოსტი ა.შ.შ-დან

 ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ამერიკელი მეგობრებისთვის, მასწავლებლებისა და ნაცნობებისთვის გამეზიარებინა საქართველოს და ქართული კულტურის შესახებ. ვერცერთი ადამიანი ვერ იქნება ისეთი ამაყი, როგორიც ვიყავი დღეს, როდესაც, "ჩაკრულოს" მოსმენის შემდეგ ვთქვი, რომ ეს პოლიფონიური სასწაული ვოიაჯერის ოქროს დისკზეა და კოსმოსში მოძრაობს, როდესაც ვყვებოდი ქართველი მეფეების შესახებ და ვხედავდი მეგობრების გაოცებულ მზერას, როდესაც ვუზიარებდი ცოდნას ჩვენი ენის, ეროვნული სამოსისა და ცეკვების შესახებ, როდესაც ვყვებოდი იმაზე თუ რამდენად უნიკალური და ლიბერალური კონსტიტუცია გვქონდა ჯერ კიდევ ასი წლის წინ, როდესაც ვყვებოდი ქართველების სამაგალითო ერთიანობაზე 9 , 14 აპრილს, როდესაც ვსაუბრობდი იმაზე, თუ როგორ ვიბრძოდით და ვიბრძვით მტრების წინააღმდეგ. სისხლი მიდუღდა, როდესაც ვყვებოდი რუსულ აგრესიაზე წლების განმავლობაში და მათ სახეზე ვატყობდი იმას, რომ მიუხედავად იმისა, წარმოდგენა არ ჰქონდათ, ვაჭარბებდი/ვცრუობდი თუ არა, ჩემი სჯეროდათ და ჩემს ტკივილს იზიარებდნენ.

ვამაყობდი მაშინ, როდესაც ჩემი ხელით გაკეთებულ ხაჭაპურს, მჭადს, აქაურ მაღაზიაში ნაპოვნ ბორჯომს, ნატახტარსა და სულგუნს აგემოვნებდნენ. ბედნიერი ვიყავი მაშინ, როდესაც ჩემი ამერიკელი მასპინძელი დედა სრული ენთუზიაზმით ცდილობდა გოზინაყი გაეკეთებინა და შემდეგ ფორმა მიეცა (რაც გამოუვიდა).
და ბოლოს, საკუთარი გულისცემა მესმოდა მაშინ, როდესაც "ვეფხისტყაოსნიდან" ჩემს საყვარელ სტროფს ვკითხულობდი (რომელიც კარგა ხნის წინ, შემთხვევით გავიზეპირე, ლექსებს ვერ ვსწავლობ :დ) და მის მხატვრულ დატვირთვას განვიხილავდით.
დღეს შვიდი პრეზენტაციის გაკეთება შევძელი, 11 სხვა გაცვლით მოსწავლესთან და სამოცდაათამდე ამერიკელთან. ხვალ მკვიდრ ამერიკელებს მოვუყვები საქართველოს შესახებ.
American Councils for International Education Georgia
FLEX Program