წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი

 


დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი - ამ ჯვრით მიუძღოდა წმინდა მეფე ქართველთა ლაშქარს

ხობის სიძველეებიდან  განსაკუთრებულ ადგილს იკავებს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, რომელიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია  დაცული. 


მუზეუმის საგანძურის ფონდის კურატორის, ხელოვნებათმოცდნეობის დოქტორის ელენე კავლელაშვილის თქმით, ჯვარი საფრანგეთში 1921 წელს იქნა გატანილი  და 1945 წელს დაბრუნდა პარიზიდან საქართველოში. იგი შედარებით მომცრო ზომისაა და როგორც ჩანს,  მეფეს თან ახლდა ბრძოლებში. არსებობს უფრო დიდი ზომის საეკლესიო საწინამძღვრო ჯვრები, რომლებიც შორ მანძილზე გადაადგილებისთვის არ იყო განკუთვნილი.


დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი თავისი ზომით ჰგავს დავით კურაპალატის (+1001წ.) საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ჩვენამდე მოღწეულ საწინამძღვრო ჯვრებს შორის ჯერჯერობით ყველაზე ადრეული მომცრო ზომის ჯვარია. ბრეთის, იშხანის, მარტვილის, საწინამძღვრო ჯვრები ზომით მათ ბევრად აღემატება. როგორც ჩანს ისინი  მონასტრებში დაუნჯებული საწინამძღრო ჯვრებია. 


დავით კურაპალატის ჯვრის წინაპირზე არის წარწერა: "ქრისტე ადიდე დავით კურაპალატი, ამინ"! 

დავით აღმაშენებლის ჯვრის  წინაპირზე კი მხოლოდ ჯვარცმული მაცხოვარია გამოსახული და ჯვრის ზურგზე წარწერა ნაწილდება, რომელიც ასეთი შინაარსისაა: "პატიოსანო ჯვარო ადიდე უძლეველი აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე დავით და შემიწყალე მე გლ..." წარწერის დამაბოლოებელი სიტყვები სამწუხაროდ აღარ იკითხება. სომეხთა მეფის ტიტული დავითმა მაშინ მიიღო, როდესაც შემოიერთა, როგორც ჩრდილოეთ სომხეთი, ასევე ანისი.  

ჯვარი 1123- 1125 წლებში  მოჭედილი ჩანს.

http://karibche.ambebi.ge/eklesia/sitsmindeebi/936-davith-aghmasheneblis-satsinamdzghvro-jvari.html