ყოფილი ძალოვნების განცხადებით, უკანონოდ დააკავეს ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა, ხოლო ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი მაიორის რუსლან შამახიას სახლში. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან გამართულ ბრიფინგზე ყოფილმა ძალოვნებმა განაცხადეს, რომ საპოლიციო ღონისძიება საარჩევნოდ, მათი პარტიის მხარდამჭერების დაშინებას ემსახურება.
„ხელისუფლება გადავიდა რეპრესიებზე. მათ ნახეს, რომ პირველ ტურში არჩევნები წააგეს. აქ არიან ის ადამიანები, ვინც მაქსიმალურად ხელი შეუშალა "კარუსელების" დატრიალებას და პირადობებთან დაკავშირებულ საკითხს. მეორე ტურის წინ გადაწყვიტეს, რომ შეეშინებიათ ჩვენი თანამებრძოლები. ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს ამ დილით, ყოვლად მიუღებელი მეთოდით, შეუვარდნენ ბავშვებთან და მეუღლესთან. დადეს ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა. აქ არიან ძალიან გამოცდილი ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ემსახურებოდა ქვეყანას და არავინ დაიჯერებს, რომ მათ სახლში იარაღი ჰქონდათ. ჩვენ მეორე ტურისთვის ვემზადებით და გვაქვს ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აპირებს ხელისუფლება. ამაში მაქსიმალურად შევუშლით ხელს", - განაცხადა ყოფილმა ძალოვანმა თენგიზ გუნავამ.
რაც შეეხება, რუსლან შამახიას, რომლის მტკიცებითაც დღეს, გამთენიისას მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, წაღებულია მის კუთვნილებაში არსებული სანადირო თოფები.
„ეს არ ხდება მარტო ზუგდიდში, ლექსო რაფავას რაც გამთენიისას გაუკეთა სისტემამ. ეს შეიძლება მოხდეს საქართველოს ნებისმიერი კუთხეში. ამიტომ, მე მივმართავ თადარიგის ოფიცრებს, რომ გავერთიანდეთ, გავერთიანდეთ იმისთვის, რომ უსამართლობა აღვკვეთოთ ყველგან“, - განაცხადა შამახიამ.
პრემიერი ხობში პოლიციელის მიერ თანამდებობის დატოვებაზე - ერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული კაცი ვერ მოერია საკუთარ თავს და დაემორჩილა „ნაციონალების“ ბრძანებას
აქ არავითარი სენსაცია არ არის, რეალურად, ერთი პოლიციელი, უფრო სწორად პოლიტიკურად ანგაჟირებული კაცი ვერ მოერია საკუთარ თავს და დაემორჩილა მათ ბრძანებას, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, პოლიციელის მიერ, პროტესტის ნიშნად თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პირი ახალაიას უახლოესი მეგობარი და პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
„ერთი პოლიციელის მხრიდან მოჰყვა პროტესტი, რომელიც არის ახალაიას უახლოესი მეგობარი. ცალკე პრობლემაა ეს, რომ ვერ დააფასა ამ ადამიანმა, ვერ შეიცვალა ზნე და ფერი. მან დატოვა თანამდებობა იმიტომ, რომ ერთ-ერთმა უბიძგა დაეტოვებინა. სრულ პატივისცემას და თანადგომას ვუდასტურებ ყველა პოლიციელს, ყველა ღირსეულ ოფიცერს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, ყველა ჯარისკაცს. პოლიციელმა და ოფიცერმა პირველ რიგში, საკუთარ მუნდირს და ფორმას უნდა სცეს პატივი. ვისაც უნდა პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობა და პოლიტიკაში მონაწილეობა, ეს მათი არჩევანია. უნდა აირჩიონ მათ გზა და გუშინ ასეც მოხდა. აქ არავითარი სენსაცია არ არის, რეალურად, ერთი პოლიციელი, უფრო სწორად პოლიტიკურად ანგაჟირებული კაცი ვერ მოერია საკუთარ თავს და დაემორჩილა მათ ბრძანებას. რაც შეეხება დაკავებას, შსს-მ გუშინაც გააკეთა კომენტარი. პოლიციას უამრავი ინფორმაცია აქვს და თუ რაიმე დანაშაულზე მოახდინეს მათ რეაგირება, ეს აბსოლუტურად ნორმალურია, მათი პირდაპირი მოვალეობაა და არც არაფერია გასარკვევი და გამოსაძიებელი, გარდა იმისა, რომ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ხობში ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა დააკავეს, ხოლო პოლიციის მაიორის რუსლან შამახიას სახლში ჩხრეკა გუშინ ჩატარდა. ფაქტს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ „ეს არის შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც მიზანი აქვს, გაანეიტრალოს ის ადამიანები, რომლებიც არჩევნების გაყალბების სქემის გაშიფვრაში აქტიურად მონაწილეობდნენ“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ პარტია ინფორმაციას საელჩოებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიაწვდის.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ზუგდიდში ყოფილი პოლიციელების დაკავებაა დაგეგმილი, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნდა, რომ საკუთარ აქტივისტებსაც აღარ სჯერათ გამარჯვების, "დაჯდა გომელაურებთან და სხვებთან, თავში ხელი შემოირტყეს და თქვეს, რა გავაკეთოთ, სამეგრელო პირწმინდად გვაქვს წაგებულიო".
„პოლიტიკური კლასი, როგორც ასეთი, „ქართულ ოცნებაში" განადგურებულია, ნირწამხდარია და პოლიტიკის კეთება დაიყვანეს ლანძღვისა და შეურაცხყოფის დონემდე, მეტს არაფერს ისინი არ და ვერ აკეთებენ. რა დარჩათ? შემორჩათ თოფიანი ხალხი.
ჩვენი ინფორმაციით, სუს-ის 30 სპეცწარმომადგენელი არის თბილისიდან მივლენილი ზუგდიდში, რომლებიც ნიადაგს ამზადებენ, რომ მოახდინონ გამთენიისას ან ხვალ დღის განმავლობაში დაკავებები, მათ შორის ყოფილი პოლიციელების, რომლებიც არიან ანზორ მელიას საარჩევნო შტაბში.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ზუგდიდში ჩასვლაზე, მთელი ოპოზიციური სპექტრი ვგეგმავთ ზუგდიდში ჩასვლას, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ მოვლენებზე, რომელიც განხორციელებული იქნება დილამდე. ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ჩვენ ყველა წამყვანი ელჩი, აკრედიტებული ელჩი ჩავაყენეთ საქმის კურსში.
არაფერს კარგს ეს ხელისუფლება ზუგდიდში არ აპირებს, მაგრამ თუ გადაკვეთავენ ამ რუბიკონს, პასუხიც იქნება შესაბამისი", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ამასთან, მისი თქმით, ლექსო რაფავა როდესაც დააკავეს, მას ხელყუმბარა და ავტომატი „ჩაუდეს“, ხოლო რუსლან შამახია ვერ დააკავეს და სპეცოპერაცია ჩაუვარდათ.
„ბატონი ღარიბაშვილის ჩასვლამდე უნდოდათ რუსლან შამახიას და სხვა რამდენიმე პირის დაკავება. ღარიბაშვილს უნდა გაეკეთებინა სამეგრელოდან განცხადება, თითქოს იქ რაღაც სამალავი აღმოაჩინეს იარაღის და ჩვენ რაღაცას ვაპირებდით, მაგრამ ჩაუვარდათ ეს ოპერაცია.
დაგეგმილია დაკავებები ზუგდიდში, თუმცა, პარალელურად უნდათ, არ ვიცი ვისი და როგორ, მაგრამ თბილისშიც განხორციელდეს დაკავებები. უნდათ ფონი შექმნან, თითქოს რაღაც მზაკვრული გეგმით ვართ ოპოზიციაში დაკავებულები, მაგრამ ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ მათი გედის სიმღერა. უნდა შეეგუოს ბატონი ღარიბაშვილი, რომ აგებენ ამ არჩევნებს, აგებენ და მორჩა, არაფერი საშიში აქ არ არის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
პროტესტის ნიშნად თანამდებობა შსს-ს კიდევ ორმა თანამშრომელმა დატოვა
პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, ლექსო რაფავას დაკავების შემდეგ თანამდებობა შსს-ს კიდევ ორმა თანამშრომელმა, ჯიმი გაგუამ და რომან ანთიამ დატოვეს. ამის შესახებ განცხადებები კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა ჯიმი გაგუამ და იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა ინსპექტორმა, რომან ანთიამ თავად გააკეთეს.
“ჩემი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი არის სამეგრელო-ზემო სვანეთში მომხდარი, დაკავებასთან დაკავშირებით, სადაც ჩემი მეგობარი, ლექსო რაფავა დააკავეს, რომელიც არის სპეციალური წოდებით პოლიციის მაიორი. წლების განმავლობაში ემსახურებოდა სამშობლოს, იცავდა ქვეყანას კრიმინალებისგან. […] ჩემთვის სრულიად მიუღებელია [რაფავას დაკავება]. პროტესტის ნიშნად მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო შსს-ს რიგები. ეს ჯაჭვი აუცილებლად გაგრძელდება. ჩემი ინფორმაციით, ძალიან ბევრი ადამიანი დატოვებს შსს-ს ორგანოებს”, — უთხრა გაგუამ “მთავარ არხს”.
თანამდებობის დატოვების მიზეზად ლექსო რაფავას დაკავება დაასახელა რომან ანთიამაც. მისი თქმით, რაფავა უკანონოდ დააკავეს:
„ლექსო [რაფავა] ჩემი მეგობარია. პროტესტს ვაცხადებ მისი უკანონო დაკავების გამო. პროტესტის ნიშნად მე დავტოვე ჩემი სამსახური. მე ვემსახურები ჩემს საქართველოს, არა რომელიმე პარტიას”, – განაცხადა რაფავამ.
ინფორმაციის დასაზუსტებლად “ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.
პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა 21 ოქტომბერს ხობში დააკავეს. მისი ახლობლებისა და “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ბოლო პერიოდში რაფავა საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული ოპოზიციის რიგებიდან და ამის გამო მას იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს.
ხობში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგნენ ომარ არქანია, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო, და რევაზ ლაზიშვილი, რომელიც სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდა. სამსახური დატოვა ჭაბუკა რაფავამაც, რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტში მუშაობდა. ასევე, რეგიონული მედიის Livepress ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმაც.
გარეკანის ფოტო: კადრები “მთავარი არხიდან”