ნიკო ნაჭყებია დაიბადა 8 იანვრის 1854 წელს სოფელ ხეთაში. მამამისი სიმონი მღვდელი იყო და მსახურობდა სამურზაყანოში; პირველდაწყებითი სწავლა მიიღო ოქუმის ორკლასიან სასწავლებელში.
1868 წელს ქრისტიანობის აღმადგენელმა საზოგადოებამ სკოლების დასათვალიერებლად გამოგზავნა თბილისის საოსტატო სასწავლებლის მასწავლებლად მყოფი ბატონი სტრელეცკი. მან ოქუმის ორკლასიანი სასწავლებლის დათვალიერების დროს ყურადღება მიაქცია პატარა მოწაფეს ნიკოს და თავისი ხარჯით წაიყვანა იგი თბილისში, სადაც ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოების ხარჯზე მიაბარა საოსტატო სასწავლებელთან არსებულ პირველდაწყებით სკოლაში. ამ სასწავლებლის დასრულების შემდეგ, იმავე ხარჯზე მიღებულ იქნა საოსტატო სასწავლებელში. შემდეგ ეს სასწავლებელი გადაკეთებულ იქნა საოსტატო ინსტიტუტად, რომლის კურსიც დაასრულა ნიკომ 1876 წელს, ამ წელს იგი დანიშნულ იქნა სამურზაყანოში ს. საბერიის ერთკლასიან სასწავლებლის გამგეთ; 1880 წელს გადაყვანილიქნა გორის მაზრაში ს. ვანათში ასეთსავე ადგილზე. 1883 წელს ისევ დაბრუნდა სამურზაყანოში დიხაზურგას სასწავლებელში, სადაც მსახურობდა 1888 წლამდი; ამნაირათ სამურზაყანოში მან გაატარა 9 წლის სამსახური. აქ ამ დროს ცირკულიარებით სასტიკად იყო აკრძალული ქართულის სწავლება. მიუხედავად ამისა, ნიკო გულმოდგინეთ განაგრძობდა ქართული წერა-კითხვის სწავლებას. ამისთვის ინსპექტორმა პერევოზნიკოვმა მუქარა გამოუცხადა ნიკოს, სამსახურიდან გადაგაყენებო. ამის შემდეგ მან ქართული წერა-კითხვის სწავლება მოაწყო ნასადილეობით, და თავისი შესანიშნავი სიჯანსაღე მშვენივრათ გამოიყენა დღეში ორჯერ მეცადინეობისთვის და კარგათაც დააყენა სწავლება, ასე, რომ, როდესაც ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებისგან გამოგზავნილმა რევიზორმა არქიმანდრიტმა ლეონიდემ, აწ ყოვლად უსამღვდელოესმა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა, დაათვალიერა 1883 წელს დიხაზურგას სასწავლებელი, დიდი მადლობა გამოუცხადა მას საქმის კარგათ წარმოებისთვის და საუკეთესო მოწაფეების ნაწერი ოთხი რვეული თან წაიღო. 1888 წელს ნიკო გადაიყვანეს თავის სამშობლო სოფელში, ხეთის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველის ადგილზე და ამ სასწავლებელს განაგებდა გულმოდგინეთ 1911 წლამდი, ხოლო ამ წელს 35 წლის სამსახურის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა და ცხოვრობს თავის ოჯახში ს. ხეთაში. თავისი ხანგრძლივი სამსახურის დროს მას ერთხელაც არ უღალატნია თავისი წმინდა მოვალეობისთვის. თავის აუჩქარებელი დინჯი ხასიათით და გულმოდგინე სამსახურით დაიმსახურა საერთო სიყვარული როგორც ამხანაგობისა, ისე ადგილობრივი საზოგადოებისა.
1896 წლამდი სოფლათ მთელ მაზრაში არ მოიპოვებოდა არც ერთი საქალო სასწავლებელი, მხოლოდ ამ წელს პირველათ ნიკოს თაოსნობით დაარსდა სოფელ ხეთაში ერთკლასიანი სასწავლებელი.
უსათუოდ ამ პატიოსანი და დამსახურებული მუშაკის მორვაწეობა უნდა იქნას აღნიშნული საზოგადოების მიერ იუბილეს გადახდით.
გაზეთ „იმერეთი: N96, 1914 წელი.
მეცხრამეტე საუკუნეში და დღესაც, სოფლის ცხოვრებაში სკოლას და მასწავლებელს განსაკუთრებული როლი აკისრიათ. სოფელში სკოლის არარსებობით (გაუქმებით, მაგალითად ხობში გაუქმდა წინაგოლის და პირველი ხორგის კარგი სკოლები) ძალიან მნიშვნელოვანი რამ იკარგება.
http://gnostikosi.blogspot.com/2021/09/blog-post_8.html