სოფელ ქვალონის ადმინისტრაციული საზღვრების და სოფლის დაყოფის შესახებ

 გთავაზობთ, მცირე ისტორიული ექსკურსს სოფელ ქვალონის ადმინისტრაციული საზღვრების და სოფლის დაყოფის შესახებ.


გაზეთი "კომუნისტი" N134, 1934 წ.

1934 წლამდე არსებობდა მხოლოდ ერთი ქვალონი. მაგალითად მეცხრამეტე საუკუნის პრესის მასალებში ათეულობით ცნობაა დაცული სოფელ ქვალონის შესახებ. 1926 წლის საქართველოს მოსახლეობის საკავშირო აღწერის მიხედვით არსებობს სოფელი ქვალონი, რომლის მოსახლეობა შეადგენს 3870 ადამიანს.

სრულიად საქართველოს ცაკ-ის პრეზიდიუმისა და საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს გაერთიანებულმა სხდომამ 1929 წლის 29 აგვისტოს დაამტკიცა რესპუბლიკის ახალი ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა, რომელიც გამოქვეყნდა 1930 წელს. ამ დაყოფის მიხედვითაც ქვალონი არის ერთი სოფელი.

ქვალონის ორ საბჭოდ გაყოფა მომხდარა 1934 წელს, რასაც მოწმობს გაზეთ კომუნისტის 1934 წლის N134-ში გამოქვეყნებული ინფორმაცია, კერძოდ: ცაკ-ის გადაწყვეტილებით ქვალონის სასოფლო საბჭოს გამოეყო ქვემო ქვალონი და დაარსდა ქვემო ქვალონის სასოფლო საბჭო, ცენტრით ქვემო ქვალონში. საქართველოს სსრ ცაკის 1934 წლის 21 მაისის დადგენილებით ხობის რაიონში შეიქმნა ქვემო ქვალონის სასოფლო საბჭო.


1936 წლის „კანონთა და განკარგულებათა კრებული“

1936 წლის „კანონთა და განკარგულებათა კრებულის“ მიხედვით არსებობს ორი ქვალონი: ქვალონის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან სოფლები: შუა ქვალონი, ზემო ქვალონი და ჭითაუშკური და ქვემო ქვალონის საბჭო (სოფელი ქვემო ქვალონი).

http://gnostikosi.blogspot.com/2021/09/blog-post.html