ხობელი მწერლის, ლანა გოგიას სადებიუტო რომანი

  ფსიქოლოგიური რომანი „აღსარება რომელსაც მხოლოდ საკუთარ თავს ვაბარებთ” ახალგაზრდა ხობელი მწერლის, ლანა გოგიას სადებიუტო ნაწარმოებია. მწერალი რომანზე ორი წელი მუშაობდა.

ლანა გოგია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში. მწერალმა, ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა განაგრძო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

მწერლის თქმით, მისი გულისთქმა, რომელსაც ჩანახატებს ანდობდა, თანდათან რომანში გადაიზარდა - „მოკლე ჩანახატებს ვაკეთებდი, თუმცა წიგნის დაწერაზე არც მიფიქრია... რომანის დაწერა გადავწყვიტე მას შემდეგ რაც, ჩანაწერები „გაცდა“ საკუთარ საზღვრებს...

წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა მამაკაცის წინააღმდეგობებით აღსავსე ისტორია. მთავარი გმირი უბედური შემთხვევის შედეგად აღმოჩნდება საპატიმროში, სადაც  მას რთული ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევა უწევს... ასეთ მძიმე ყოფაში მას სულიერ სიმხნევეს ჰმატებს თანამესაკნე, რომელსაც მკითხველი ბაბუს სახელწოდებით გაიცნობს..

აქვე გთავაზობთ, ლანა გოგიას რომანის შესახებ გამომცემლობების მიერ დაწერილ ანოტაციებს.

 „ადამიანად ყოფნის სევდა, რომელიც მთელი ცხოვრება მაწუხებდა, უფრო და უფრო მომეძალა. ასე მგონია კლდიდან ვვარდები, როგორც შემოდგომისას ხეს - მოწყვეტილი ფოთოლი, რომელიც სასიკეთოს არაფერს ელოდება. არ შეუძლია მოკვდეს, შეიგრძნოს ბედნიერება. ადამიანი ბედნიერებისთვის არის მოვლენილი, თუმცა რაც უნდა ბევრი მიიღოს ცხოვრებისაგან, ყოველთვის იქნება რაღაც, რაც სინანულს მოჰგვრის. სწორედ ამიტომ მებრალება, სწორედ ეს გრძნობა იწვევს თანაგრძნობას...“ (ლატერნა)

„გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი მწერალი - ლანა გოგია, რომლის რომანიც ნამდვილად უნდა წაიკითხოთ!

ფსიქოლოგიური რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა გივიკოს ისტორიას, რომელსაც უბედური შემთხვევის გამო თავისუფალი ცხოვრება შეეცვლება პატიმრობით.

ნაწარმოებში ნათლად არის ასახული ის რთული გზები, რომელსაც მთავარი გმირი გადის ციხეში ყოფნისას და ასევე ის იმედი, რომელიც ეხმარება რთული დღეების დაძლევაში.

ნაწარმოებში ხაზგასმულია სიყვარულის ძალა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში და რომელიც ყველა პრობლემას უძლებს.

წიგნი გვიჩვენებს იმ პიროვნულ სიდიადეს, რომელიც აძლევს ადამიანს ძალას მიუტევო ყველაზე დიდი ტკივილი და იმედგაცრუება... (გამომცემლობა "წიგნიერი")

 წიგნის შესახებ ავტორი საუბრობს შემდეგ ვიდეოში:  https://www.facebook.com/watch/?v=1785343061638166

http://gnostikosi.blogspot.com/2021/08/blog-post.html