ბატონ ალექსანდრეს ხობის საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება - ის არის გამორჩეული პიროვნება, ინტელექტუალი, დამსახურებული პედაგოგი და მრავალი თაობის აღმზრდელი. ბატონ ალექსანდრეს ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხელს და ჯანმრთელობას.
ალექსანდრე არჩაია დაიბადა 1941 წლის 17 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში. 1947 წელს შევიდა სოფელ ნოჯიხევის 8-წლიან სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. სწავლის გასაგრძელებლად შევიდა ქ. ხობის საშუალო სკოლაში, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1958 წელს.
ავტობიოგრაფია
1959 წელს ჩაირიცხა ქალაქ სოხუმის მ. გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1964 წელს. მუშაობა დაიწყო ქ. ხობის N2 საშუალო სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად.
1975 წელს დაინიშნა ამავე სკოლის დირექტორად. 1985 წელს აირჩიეს ქ. ხობის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ, ხოლო 1986 წელს გადაიყვანეს ხობის რესპუბლიკური სკოლა-ინტერნატის დირექტორად, სადაც იმუშავა 1988 წლამდე. 1988 წელს აირჩიეს ნოჯიხევის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ, სადაც 1992 წლამდე იმუშავა. 1993 წელს ისევ დაინიშნა ქ. ხობის N2 საშუალო სკოლის დირექტორად, სადაც ჯამში დირექტორად 30 წელი იმუშავა.
შალვა ხარებავა, რალა ჩემია, ნელი ბუკია და ალექსანდრე არჩაია
(ფოტო ირაკლი შონია)
ალექსანდრე არჩაია ავტორია წიგნებისა მათემატიკაში. 2013 წელს ა. არჩაიამ გამოსცა წიგნი აბიტურიენტებისთვის: „ყველაფერი ათწილადებზე და პროცენტებზე: ზოგადი უნარები“ (ორტომეული). ალექსანდრე არჩაიას 2016 წელს „ცოტნეობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისა და განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ალექსანდრე არჩაია 2015-2017 წლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობდა.
ა. არჩაიას 2019 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს დამსახურებული მასწავლების წოდება მიანიჭა.
მერი ლაგვილავას წერილი ალექსანდრე არჩაიაზე „დიდებული მოძღვარი“
მას წარდგენა არ სჭირდება... უბრალოდ, ისეთ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც „მასწავლებლის დღედ“ იწოდება, გვინდა ერთხელ კიდევ მოვეფეროთ, მოვესიყვარულოთ და გავიხსენოთ მისი უცაბედად ნათქვამი „მე ძალას მაძლევს სიყვარული“.
მასწავლებელთა სახელოვანი კოჰორტის ერთი თავდადებული და „თავაუწეველი“ პიროვნებაა ბატონი ალექსანდრე (საშა) არჩაია. არ მქონდა ბედნიერება მისი „მერხის მოსწავლე“ ვყოფილიყავი, (ნუ მიწყენენ ქვალონის N1 საშუალო სკოლის ჩემი სულმნათი პედაგოგები), მაგრამ მის მოსწავლედ ბარე 40 წელიწადია თავს ვთვლი... მისგან ყოველდღე სწავლობ... მასთან საუბრისას ხშირად ფიქრობ, შენ ხომ ეს უკვე იცოდი, მაგრამ რა ხდება, ის მაინც სხვაგვარად ამბობს, სხვაგვარად იქცევა, სიამოვნებით და სიამაყით ივსები, რადგან ის მეგობრად გთვლის, ხშირად გეხმიანება და „ცხელ-ცხელი“ ამბებით განებივრებს.
-ჩემმა მშობლებმა მარიამ ქვილითაიამ და კონდრატე არჩაიამ 6 შვილი გაგვზარდეს, აკადემიური განათლება მიგვაღებინეს, ადამიანური ურთიერთობები და კაცთმოყვარეობა დაგვანათლეს. უფალმა გადმომხედა, ცხოვრების მეგზურად კეთილმოყვარე, გულიანი იჯახის ქალი, პედაგოგი ეთერ ესაკია რომ მომივლინა. ჩვენ 4 შვილი გავზარდეთ და 8 შვილიშვილი გვიხალისებს ავკარგიან სიცოცხლესო, - მითხრა ბატონმა საშამ, არადა სახალისოდ და საამაყოდ გავლილი ცხოვრების ნათელი გზა იმდენად დატვირთულია, გასავლელად მრავალი ადამიანი იკმარებდა...
მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე ბატონო ალექსანდრე, დიდებულო მოძღვარო! თქვენი დიდებულება თქვენი ხალხის სიყვარულშია.
გაზეთი „ხობის მოამბე“ N9, 2017 წელი.
წყარო ლევან ღვინჯილიას ბლოგიდან: https://gnostikosi.blogspot.com/2021/09/blog-post_24.html?fbclid=IwAR2S0fQXK2GRvOIOGngcPkM7OS613Pv35Qov3uyvzHG3TSOlDr-tvlqoCNQ