აჭარიდან სამეგრელოში - როგორ გადაურჩა შიმშილს მუსლიმი ეკომიგრანტის ოჯახი [ვიდეო]

 მუდმივი წყალდიდობების და მეწყერის გამო ხულოს სოფელ თხილვანაში ცხოვრება საშიში გახდა, ქამაშიძეების 13 სულიანი ოჯახი აჭარის სხვა მეწყერსაშიში სოფლების მოსახლეობასთან ერთად სამეგრელოში ჩამოასახლეს. ასე დასახლდნენ მუსლიმი ეკომიგრანტები 32 წლის წინ ხობის სოფელ შავღელეში.


გია მაშინ პატარა იყო, იმის გამო, რომ ქამაშიძეების ოჯახი მრავალშვილიანი იყო, მეზობლებთან შედარებით დიდი სახლი მისცეს, თუმცა ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყოთ. სარჩოზე ეზრუნათ. ეს კი ადვილი არ იყო, მთიანი სოფლებიდან ჩამოსახლებულებს დაბლობი ეუცხოებოდათ, მაგრამ საოჯახო მეურნეობის გამართვაში მათ მეზობლები დაეხმარნენ.

"1989 წელს 5 თვის ვიყავი, ფაქტიურად აქ გავიზარდე, რომ ჩამოვედით, ადგილობრივებმა ხელი შეგვიწყვეს ძალიან, ახლა უფრო და უფრო შეგვემატა ხალხი, გავმრავლდით ", - ამბობს გია ქამაშიძე.
განსხვავებული აღმსარებლობა არასოდეს გამხდარა კონფლიქტის მიზეზი. გიას დედა 63 წლის ნაზი ქამაშიძე იხსენებს, როგორ გადაარჩინა შიმშილს მისი ოჯახი ქრისტიანმა მეზობელმა.

"ახალი ჩამობარგული ვიყავით სოფლიდან, ძროხები ჩვენ არ გვყავდა, აქ სილა იყო სულ, წყალი არ იყო, ძაან გაჭირვებული დრო იყო. ჯუმერ ბიძიამ აქ რომ იყო კაპანაძემ, იმან მომცა ძროხა, 5 შვილი მყავდა, ერთმანეთის მიყოლებით და 2 ტყუპი, რძე არ მქონდა, არაფერი არ იყო სოფელში დახმარება და იმით ვარსებობდი, რომ ის კაცი მოგვეხმარა, მომიყვანა ძროხა, თუ ვტყუილოდე ღმერთია ზევითა, რამდენ ხანსა გინდა, იმდენ ხანს წველე, ეს შვილები გაზარდეო. ერთ ნახევარ ლიტრას ვწველიდი, ფქვილს ვხალავდი და ისე ვუკეთებდი რძეში მოხალულ ფქვილს და ტყუპებს ერთდროულად, 2 ბოთლით ვაჭმევდი, ასე გამოვზარდე დანარჩენი პატარებიც", -გვიყვება ნაზი ქამაშიძე.

ბავშვები რომ წამოიზარდნენ, ძროხა პატრონს დაუბრუნეს, თუმცა მოგებული ხბო ჯუმბერ კაპანაძემ ოჯახს დაუტოვა, ახლა კი 18 სული პირუტყვი ჰყავთ.

ურთიერთობები ადგილობრივებთან, რომელიც ყველაზე რთულ დროს, მეზობლის დახმარებით დაიწყო, შემდეგ მეგობრობაში, ჭირისა და ლხინის გაზიარებაში გადაიზარდა.
"მას შემდეგ ქორწილი იქნება, ერთად ვდგავართ, ტირილი იქნება, ერთად ვდგავართ, რამე გასაჭირია სოფელში, ავადმყოფია, ოპერაცია სჭირდება, ფულს ვფხიკავთ, რომ დავეხმაროთ, ვინც როგორ დადებს, ვის როგორ შეუძლია, ღმერთის ხათრით დახმარება გასცეს, თუნდაც ერთი ლარი ", - ამბობს გია ქამაშიძე.

ერთი თვის წინ სოფელში ყურბან - ბაირამი აღნიშნეს, ამ დღესასწაულზე ტრადიციისამებრ პირუტყვს კლავენ და ხორცს ერთმანეთს უნაწილებენ, მათ შორის ქრისტიანებსაც.

"დღესასწაული იყო 4 ივნისს, შევწირეთ ყველამ ვისაც შეეძლო, არის გაჭირვებული ოჯახები, ვინც ვერ დაკლა, ღმერთი ბრძანებს მეზობელი, ქრისტიანია, მუსლიმანია, არ აქვს საშუალება, დაკალით, გაეცით, მასაც მიეცით, უწილადეთ", - ამბობს გია.

გია ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობს, ამბობს, რომ განსხვავებული რელიგიის გამო, არც სამსახურში უგრძვნია ვინმესგან აგრესია.

"მე ენერგოკომპანიაში ვმუშაობ სამეგრელოში, როგორც ძმას და მეგობარს ისე მიყურებენ. მამაჩემი მუშაობდა მანამდე.მისი გარდაცვალების შემდეგ სხვა არ აიყვანეს, გვერდში დგომა იციან, პატარა დახმარება ყველას სჭირდება, გამოცდებს რომ ვაბარებდი, გვერდში დამიდგნენ", - ამბობს გია.

გიას ცოლი და 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ხათუნა ინტერვიუსთვის ვერ იცლის, თუმცა პირად საუბრებში გვეუბნება, რომ ქმარი არაფერს უკრძალავს, ამიტომაც გრძელ კაბას მხოლოდ მაშინ იცვამს, როცა ჯამეში სხვა ქალებთან ერთად მიდის დასალაგებლად.

შავღელეს მეჩეთი, რომელიც სამეგრელოში ერთადერთია, მუსლიმმა ეკომიგრანტებმა 2004 წელს შემოწირულებებით ააშენეს. ჯამეს ეზოში სოფლის სასაფლაოა, საფლავის ქვებზე აქ მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთის გვერდით არიან დასაფლავებულები.

"ჩვენი მუსლიმანი ძმა არის ეს, გაზით გაიგუდა, მეუღლე ფოთელი ქრისტიანი იყო, აქეთ ბავშვია, სამივე სასაფლაო ჩვენ გავაკეთეთ, უნდა იყოს გამყოფი ზოლი, ან ღობე უნდა იყოს, ან ზოლი, ცოტა დაშორებით გავაკეთეთ, რომ იყოს განსხვავება, აქეთ დაასაფლავონ ქრისტიანებმა, იქით კიდევ მუსლიმანებმა, ურთიერთობა ძალიან კარგია, უბრალოდ, ღმერთის კანონია, რომ ასე უნდა იყოს და ჩვენ მორწმუნეები მივყვებით ამ კანონს", - ამბობს გია.

შავღელეში, ამჟამად 192 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა მუსლიმია.

"უფლება არ აქვს არავის, რომ ისედაც მოკლე ცხოვრებაში ერთმანეთს დაგვაპირისპიროს", - ამბობს გია.