კოვიდ–19-ის შესახებ ინფორმაცია

 


მკაცრად დავიცვათ რეკომენდაციები

როგორც მუნიციპალიტეტის გაზეთის წინა ნომრებში აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის ივლისის თვის პირველი რიცხვებიდან გვაქვს კოვიდ–19-ით ინიფიცირებულთა მატების ტენდენცია. ივლისის განვლილ პერიოდში გვქონდა კოვიდ–19-ით დაინიცირებულთა 71 დადასტურებული შემთხვევა.

სულ პანდემიის პირველი დღიდან დღემდე, ხობის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებულია კოვიდ–19-ის ინფექციის 1816 დადასტურებული შემთხვევა, თვითიზოლაციაში გვყავდა 5680 ადამიანი, სამწუხაროდ კოვიდ–19-ით 20 ადამიანი გარდაიცვალა, ასეულობით ადამიანს განუვითარდა და აწუხებს კოვიდ–19-ის შემდგომი გართულებები. დღესაც რამდენიმე ათეული ჩვენი მოქალაქე, ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქე მკურნალობას გადის ზუგდიდის, სენაკის, ფოთის, ქუთაისის და სხვა კოვიდ ცენტრებში.

უკანასკნელ პერიოდში თითქმის ყველა შეზღუდვები მოიხსნა, გარდა რეკომენდაციების დაცვისა, რომლის დაცვაც აუცილებელია. მოსახლეობამ გარკვეულწილად მოადუნა ყურადღება, ბევრი ადამიანი არამარტო ღია სივრცეში, დახურულ სივრცეშიც კი არ ატარებს პირბადეს, არ იცავს დისტანციას არ ხმარობს სპირტის შემცველ ხელის საწმენდ საშუალებებს. ისევ იმართება ხალხმრავალი ქელეხები, ქორწილები და სხვა სახის წვეულებები, არ ერიდებიან მასობრივი თავშეყრის ადგილებს, ყოველივე ამან გამოიწვია კოვიდ–19-ის შემთხვევების მატება.

ხობის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის მიერ მოწყობილ სივრცეში, გარდა კვირა დღისა, ყოველდღიურად მიმდინარეობს მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება სწრაფი მარტივი ტესტებით. ვიკვლევთ, როგორც სიმპტომიან, ასევე უსიმპტომო ადამიანებს, დადასტურებული შემთხვევების ყველა კონტაქტს. გეგმიურად ყოველ 14 დღეში ერთხელ პსრ ტესტირებას ვუტარებთ პოლიციის, დაცვის პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს, ტაქსის და სამგზავრო მიკროავტობუსების მძღოლებს, პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალს, ხოლო სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ საჯარო სკოლების მასწავლებლებს და სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალს. ყველა გამოკვლევა არის უფასო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

ჯანდაცვის ცენტრი სწრაფი მარტივი და პსრ ტესტებით უზრუნველიყოფს მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან როგორც სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები, ამჟამად ასეთი გამოკვლევები წარმოებს ევექსის ხობის კლინიკაში, შ.პ.ს. „პულსში“, ჭალადიდის, ხეთის, პ/მაისის, ახალი ხიბულის, ბია–ზემო ქვალონის საექიმო ამბულატორიებში.

კოვიდ–19-ის ინფექციას გამოვლენილი თითოეული შემთხვევა ჯანდაცვის ცენტრის მიერ კონტროლზე არის აყვანილი. გამოვლენილი პაციენტების ოჯახის წევრი და სხვა ახლო კონტაქეტბი გადაგვყავს 12 დღიან თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის წესების დაცვა მკაცრად კონტროლდება ჯანდაცვის ცენტრის და პოლიციის ხობის სამმართველოს მიერ.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის კომპლექსური ღონისძიებების გატარება კოვიდ–19-ის წინააღმდეგ, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის პასუხისმგებლობაზე, თითოეულმა მათგანმა უნდა დაიცვას დაავადებათა კონტროლის მიერ დაწესებული რეკომენდაციები, აუცილებელია პირბადის ტარება მასობრივი თავშეყრის ადგილებში, 5 ადამიანის ერთად შეკრების დროს, აუცილებელია პირბადის ტარება ნებისმიერ დახურულ სივრცეში, ტრანსპორტში, თათბირებზე, ტრენინგებზე და სხვა. ყოველივე ამასთან ერთად უდიდესი და სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭბა მოსახლეობის აცრას კოვიდ–19-ის წინააღმდეგ. ჩვენს მუნიციპალიტეტში 18 წლის ზემოთ უნდა აიცრას მოსახლეობის 60-70 პროცენტი, რომ შეიქმნას იმუნური ფენა. აცრების ჩატარება მოსახლეობას დაიცვას დაავადების მძიმედ განვითარებისგან და გარდაცვალებიგან, ჰოსპიტალიზაცია მათ არ დასჭირდებათ.

ხობის ჯანდაცვის ცენტრის მიერ შემოტანილია კოვიდ–19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები სინოფარმი და სინობაკი.

აცრები ამ ეტაპზე ტარდება ხობის ევექსის კლინიკაში, მისამართზე გ. ჭყონდიდელის ქუჩა №2, ყოველდღე შაბათ-კვირის ჩათვლით. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს დამოუკიდებლად მითითებულ ელექტრონულ საიტზე, ან იგივე ამცრელ კაბინეტში რეგისტრატორი უზრუნველყოფს აცრის მსურველის დარეგისტრირებას.

საქართველოში შემოტანილი ყველა ვაქცინა არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული, ავტორიზებულია და ყველანაირად უსაფრთხო.

ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ვაძლევ რეკომენდაციას მიმართონ ქვეყნის მასშტაბით ამცრელ კაბინეტებს და ჩაიტარონ აცრები, რათა დავიცვათ არამარტო ჩვენი თავი, არამედ ჩვენი ახლობლები, ბავშვები, ნუ შევუქმნით საფრთხეს ჩვენს გარშემო მყოფთ, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა უსაფრთხო და ჯანმრთელი გარემოს შექმნაში.

ჯუმბერ ტურავა

 

„დავიცავით ჩვენი და გარშემო მყოფთა უსაფრთხოება“

COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი ძირითადად გადაეცემა წვეთებით, რომლებიც წარმოიშობა ინფიცირებული ადამიანის ხველების, ცემინების ან ამოსუნთქვის დროს. ეს წვეთები მეტისმეტად  მძიმეა იმისთვის, რომ დარჩნენ ჰაერში შეწონილ მდგომარეობაში და სწრაფად ვარდებიან იატაკზე ან ზედაპირებზე.

ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ვირუსის შესუნთქვით, თუ იმყოფება COVID-19-ის მქონე პირის სიახლოვეს ან თუ შეეხება ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირს და შემდეგ თავის თვალებს, ცხვირს ან პირს.

COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად:

ხშირად დაიბანეთ და გაისუფთავეთ ხელები. გამოიყენეთ საპონი, ან ხელების დასამუშავებელი სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალება.

დაიცავით უსაფრთხო დისტანცია ადამიანისგან, რომელიც ახველებს ან აცემინებს.

ატარეთ ნიღაბი, როდესაც ფიზიკური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

არ შეეხოთ თვალებს, ცხვირს ან პირს.

აიფარეთ ცხვირსა და პირზე მოხრილი იდაყვი ან ცხვირსახოცი, როდესაც ახველებთ ან აცემინებთ.

დარჩით შინ, თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება.

წინასწარ დარეკვა საშუალებას აძლევს თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს, სწრაფად მიგიყვანოთ სწორ სამედიცინო დაწესებულებაში. ეს გიცავთ თქვენ და ხელს უშლის ვირუსებისა და სხვა ინფექციების გავრცელებას.

ნიღბების საშუალებით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ვირუსის სხვა ადამიანებზე გავრცელება იმ პირისგან, ვისაც ნიღაბი უკეთია. მხოლოდ ნიღბები ვერ დაგვიცავს COVID-19-სგან და მათ ხმარებასთან ერთად უნდა დავიცვათ ფიზიკური დისტანცია და ხელის ჰიგიენა.

ამ ბოლო დროს, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. დელტა + შტამი დაფიქსირდა.

„ვირუსის შემთხვევების დაახლოებით ნახევარი, უკვე დელტა შტამით არის გამოწვეული, რომელიც შედარებით სხვა შტამებთან უფრო სწრაფად ვრცელდება.

COVID-19-ის გამომწვევი ვირუსისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა აცრის გაკეთება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ეს არ არის 100%-ანი დაცვა, შეიძლება აცრილები დაინფიცირდეს, მაგრამ ისინი ამ დაავადებას გადაიტანენ მსუბუქად ანუ სიკვდილიანობის მაჩვენებელი აცრილთა შორის საქართველოში 0-ია. აცრილებმა და აუცრელებმაც უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რაც მოწოდებულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ.

მე ავიცერი, ასევე აიცრა ბევრი ჩემი ახლობელი. მოგიწოდებთ ყველას, ავიცრათ დროულად, რათა დავიცვათ, როგორც ჩვენი, ასევე ჩვენს გარშემო მყოფთა უსფრთხოება და დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ამისთვის საჭიროა, აიცრას მოსახლეობის არანაკლებ 60%. გისურვებთ ჯანმრთელობას

შოლინა კანკია

 მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი

გაზეთი „ხობის მოამბე“ #9 ივლისი 2021 წელი