ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

 

ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სავარგულები, ეზოები, სასოფლო გზების ნაწილი,წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. მოვარდნილმა წყალმა ცენტრალურ გზაზე დროებით შეაფერხა საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისაგან იწმინდება გზები. ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას მერიის სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან და ზარალს ითვლიან.


 
ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. სტიქიის გამო დაიტბორა ცალკეული სოფლების ცენტრალური და შიდა გზები. მათ შორის, წყალი ზოგიერთი მოსახლის ეზოშიც შევიდა.

მერის მოადგილე ვარაზ გაბედავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სტიქიის შედეგად მთიდან ღვარცოფები ჩამოდის, რის გამოც რამდენიმე ადგილას ღელე რამდენჯერმე ადიდდა და წყალმა ხეთა ხამისკურის და ხეთა პირველი მაისის ტერიტორიაზე ცენტრალური გზა დატბორა.

"წყალმოვარდნებია. წვიმა რომ შეწყდება, დაიკლებს წყალი და კალაპოტში ჩადგება. თუმცა მოძრაობა არ შეზღუდულა. სოფელს რომ კვეთს, ისეთი ღელეებია. პირველ მაისშიც არის. თორსაშიც. ძლიერი წვიმაა, რომელმაც პრობლემები შეგვიქმნა", - გვითხრა ვარაზ გაბედავამ.

მისივე თქმით, ხამისკურში, თორსასა და ხეთაში შიდა გზების გარკვეული ნაწილებიც დაიტბორა, იქ, სადაც ღელე გადის. სტიქიის შედეგად წყალი რამდენიმე ადგილობრივის ეზოშიც შევიდა.

"რომ ჩადგება ყველაფერი, მერია იზრუნებს, რომ შემოიაროს ყველგან, რა მდგომარეობაა, რა ზიანი მიაყენა მოსახლეობას, მუნიციპალიტეტს", - ამბობს მერის მოადგილე.

ხობში ახლაც ძლიერად წვიმს.
https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/40196-dzlieri-tsvimis-shedegad-khobis-ramdenime-sofelshi-centraluri-shida-gza-da-ezoebi-daitbora.html