11 ივნისს, საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ ინიციტივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სამეგრელოში ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდა.
ხეთას ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის ასაკობრივი გუნდებისა და ხობის „კოლხეთის“ გოგონათა გუნდის ფეხბურთელების გარდა, შეხვედრას ადგილობრივი მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა, UNFPA საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი.
დისკუსია, რომელსაც ტელეწამყვანი და მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე უძღვებოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საუბრის ძირითადი თემა თანასწორობა, ტოლერანტობა, არაძალადობრივი ურთიერთობები ის გამოწვევები იყო, რომლის წინაშეც ახალგაზრდები დგანან.
ღონისძიება სოფელ ხეთას სტადიონზე გაიმართა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ, 2020 წელს, სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში აღდგა.
💬ნიკოლოზ ჯღარკავა - სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი: „ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ხეთაში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფეხბურთო კერა სამეგრელოს რეგიონში. აქ ფეხბურთში ჩართული არიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები, როგორც გოგონები, ისე ბიჭები. დღეს გაიმართა დისკუსია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც აუცილებელია არამხოლოდ ფეხბურთელის, არამედ ზოგადად მოზარდების განვითარებისა და სწორად აღზრდისთვის.“
💬გურამ კაშია - საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი: „ძალიან სასიამოვნო იყო ბავშვებთან გასაუბრება, ფეხბურთზე ლაპარაკი. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მესიჯია მათთვის მსგავს თემებზე საუბარი. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც შევძლებთ მსგავსი დისკუსიების გამართვას ფეხბურთზე, თანასწორობაზე. ჩემი სურვილია, აქტიურად ვიყო ჩართული, ასეთ შეხვედრებში, რადგან დიდ პოზიტიურ ენერგიას მმატებს.
ფეხბურთი ყველასთვის არის, როგორც დიდისთვის, ისე პატარასთვის, ბიჭებისთვის და გოგონებისთვის. მიხარია, რომ ქალთა ფეხბურთი ძალიან ვითარდება საქართველოში. ქვეყნებში, სადაც მე ვთამაშობდი, ჰოლანდიაში და ამერიკაში, ძალიან პოპულარულია ეს სპორტი ქალებში და გამიხარდება, რაც შეიძლება მეტი გოგონა თუ ითამაშებს ფეხბურთს საქართველოშიც. ამიტომ, თუ ვინმეს ერიდება ფეხბურთის თამაში იმიტომ, რომ გოგოა, მინდა, ვუთხრა, რომ არ უნდა მოერიდოთ. რადგან ფეხბურთის თამაში, უპირველესად უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს ამიტომ, გოგონებო, არ თქვათ ამაზე უარი.“
💬ლელა ბაქრაძე - გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი: „ფეხბურთი მართლაც განსაკუთრებული სპორტის სახეობაა, რომელსაც ძალიან ბევრი მიმდევარი ყავს და რაც მთავარია, ავითარებს გუნდურობას. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისა, რომ ფეხბურთის მეშვეობით ვისაუბროთ თანასწორობაზე. გასათვალისწინებელია ის, რომ დღეს ქალთა ფეხბურთი ძალას იკრებს საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ანგრევს სტერეოტიპებს - არ არსებობს სპორტის ისეთი სახეობა, რომელშიც გოგონებს არ შეუძლიათ ჩაერთონ. ვფიქრობ, ეს ძალიან ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეგვიძლია ნაბიჯ-ნაბიჯ დავანგრიოთ არსებული სტერეოტიპები, რაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავალი თაობის განვითარებას უწყობს ხელს.“
გაეროს მოსახლეობის ფონდს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივს“ შორის უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობა არსებობს, რომლის ფარგლებშიც ფეხბურთელები აქტიურ მონაწილეობას იღებენ UNFPA-ს ისეთ აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანაწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, და გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გაზრდას კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში. თანამშრომლობა ითვალისწინებს ფეხბურთში გოგონების მონაწილეობის წახალისებას, სპორტში თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობას და მოზარდი გოგონებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, მწვრთნელებისთვის, მსაჯებისა და მოთამაშეებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას UNFPA-ს მიერ დანერგილი და აპრობირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, მათი გენდერული სენსიტიურობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების გზით.
ფოტო: ირაკლი ძნელაძე / UNFPA