სიმწვანეში ჩაფლული მინდვრები, გზებზე პირუტყვი და მიწაზე მომუშავე გლეხები სამეგრელოში გაზაფხულის ერთი ჩვეულებრივი პასტორალი იქნება, რომ არა მუსლიმების ლოცვის ხმა, რომელსაც ქვით ნაგებ შენობამდე მივყავართ, სადაც პარასკევის ტრადიციული ლოცვა სრულდება.
მეჩეთი, რომელიც ხობის სოფელ შავღელეში მდებარეობს, სამეგრელოში ერთადერთია. მუსლიმები აქ 1989 წლიდან ცხოვრობენ, ისინი ქედა, შუახევი და ხულოდან ძლიერი წყალდიდობის შემდეგ ჩამოსახლეს. ეკომიგრანტებმა თავიანთი სალოცავი 2004 წელს შემოწირულებებით ააშენეს.
"თუ რამე დახმარებაა საჭირო, გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს და ისინიც ისე იქცევიან როგორც ჩვენ", - ამბობს ადგილობრივი.
განსხვავებული რელიგია არ გვიშლის ერთმანეთის ჭირის და ლხინის გაზიარებაში, -ამბობს სოფელში მერის წარმომადგენელი ხათუნა მანველიძე, რომელიც მართლმადიდებელი ქრიტიანია.
" 7 წელია ამ თანამდებობაზე ვარ და პრობლემა არ მქონია მოსახლეობასთან ურთიერთობაში. აღდგომაზე, ჩემი ოჯახის წევრების შემდეგ პირველი ბატონი ზურაბი (ტარიელაძე) მილოცავს და მეც ასე ვარ ბაირამზე. სხვათაშორის, ბატონი ზურაბის და სოფლის აქტივის იდეა იყო, რომ ეკლესია და მეჩეთი გვერდიგვერდ ყოფილიყო", - ამბობს ხათუნა მანველიძე.
სოფელში ამჟამად 192 კომლი ცხოვრობს. "ბირჟაზე" განსხვავებული რწმენის მქონე მეზობლები ისე იკრიბებიან, როგორც სხვა სოფლებში და ერთმანეთთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
ერთ-ერთი, ოლეგ ჯანანაშვილი ქრისტიანია, ამბობს, რომ მუსლიმებთან არაფერი აქვს გასაყოფი.
"ქალი (ცოლი) მუსლიმი მყავს, მაგრამ აღდგომაზე ოჯახში კვერცხებს წითლად ღებავს. აქ კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველას ერთმანეთთან".
მეზობლები ამბობენ, რომ პატარა კონფლიქტი ყველგან ხდება, თუმცა ის ადვილად გვარდება.
"უშეცდომო არავინაა, მაგრამ პატარ-პატარა კონფლიქტები არ უნდა გამწვავდეს, - ამბობს მუხრან ქათამაძე.
"შეცდომა ყველას მოგვდის, მარტო ღმერთია ერთი შეუცდომელი, მაგრამ ხომ შეიძლება პატარა კონფლიქტზე ერთმანეთის გატანა. ხომ გახსოვთ, ბუკნარის თემა მოხდა, იქ რომ ერთი ადამიანი დაღუპულიყო, წარმოიდგინეთ მართლა კატასტროფული რაღაც დატრიალდებოდა. მაგრამ ჩაერია ჭკვიანი ხალხი და მოგვარდა".
``ბირჟაზე" მყოფი სხვა მუსლიმებიც მას ეთანხმებიან და ამბობენ, რომ იქ სადაც რწმენა და სიყვარულია, მტრობის ადგილი არ არის.