''ეს კონტეს დამსახურებაა, ლადოს თამაში მოეწონა და 4-წლიანი გაუფორმა''


საფეხბურთო კლუბ მილანის ''ინტერის'' სარეზერვო გუნდში 18 წლის ლადო ახალაია ასპარეზობს, რომელიც თბილისის ''დინამოს'' ყოფილი თავდამსხმელის, ვლადიმერ ახალაიას შვილია. გასული წლის დეკემბერში უმცროსმა ლადო ახალაიამ მილანურ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც უფროსი ლადო ახალაია CrystalSport-თან ინტერვიუში აღნიშნავს, ხელშეკრულების გაფორმების ინიციატორი იტალიური კლუბის პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იყო.

აღსანიშნავია, რომ დედის მხრიდან უმცროსი ლადო ახალაიას ბაბუა ცნობილი მოლდოველი მწვრთნელი ალექსანდრ სპირიდონია, რომელიც ''შახტარსა'' (2004-16) და ''ზენიტში'' (2016-17) მირჩა ლუჩესკუს ასისტენტი იყო. სპირიდონს უმცროსი ახალაიას აღზრდაში დიდი როლი აქვს შეტანილი, რასაც უფროსი ლადო ახალაია CrystalSport-თან საუბარში აღნიშნავს.


18 წლის ლადო ახალაია ამპლუით ფორვარდია, მიმდინარე სეზონში ''ინტერის'' სარეზერვო გუნდის რიგებში 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. მამის მსგავსად ორივე ფეხით კარგად თამაშობს, ტექნიკურია, მეორე სართულზე ძლიერია და ფორვარდისთვის საჭირო თვისებებით გამოირჩევა.

მოახლოებული სანაკრებო შეხვედრებისთვის მოლდოვის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ამ სიაში 18 წლის ლადო ახალაიაც მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელმა არჩევანი მოლდოვის ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით უფროსმა ლადო ახალაიამ CrystalSport-თან საუბრისას აღნიშნა: ''ვოცნებობდი, ჩემი ოცნება იყო, რომ ლადოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა, თუმცა მან ასე გადაწყვიტა, მოლდოვაში გაიზარდა და არჩევანი ამ ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთა. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა''.

შეგახსენებთ, უფროსი ლადო ახალაია ''ზიმბრუს'', შვეიცარიული ''ციურიხის'', თბილისის ''დინამოს'', ''დაჩიას'', ბუქარესტის ''დინამოს'', ახალციხის ''მესხეთის'', რუსთავის ''ოლიმპის'', ზუგდიდის ''ბაიას'', ფოთის ''კოლხეთისა'' და ბოლნისის ''სიონის'' ყოფილი ფორვარდია. 

მან 2004 წელს თბილისის ''დინამოსთან'' ერთად თანამეგობრობის თასი მოიგო, 2004-05 წლების სეზონში კი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. კარიერა 2016 წელს თერჯოლის ''საპოვნელაში'' დაასრულა. უფროსმა ლადო ახალაიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი მატჩი რუმინეთთან ჩაატარა (2004 წელი).

წყარო: https://www.crystalsport.ge/news/32308