80 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე, ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ქართული ხალხური მუსიკისა და მეგრული სასიმღერო ფოლკლორის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქე - ანზორ ერქომაიშვილი.
ანზორ ერქომაიშვილი COVID 19-ის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. გარდაცვალებამდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ანზორ ერქომაიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.
ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.
ანზორ ერქომაიშვილი აგვისტოში 81 წლის გახდებოდა.
კიდევ ერთი ღვაწლმოსილი მამულიშვილი, სანიმუშო მოქალაქე, მისაბაძი პიროვნება, ქართული ფოლკლორის მოამაგე და სამაგალითო მეგობარი დაგვაკლდა ანზორ ერქომაიშვილის სახით. კაცი, რომელიც გამორჩეული იყო პიროვნული თვისებებით, ინტელექტით, ზნეობით, შრომისმოყვარეობით. საკუთარ სამშობლოზე, ფოლკლორზე, ტრადიციებზე უსაზღვროდ შეყვარებული და შემომქმედი, გულში სიკეთის მარაგს თან დაატარებდა და უშურველად გასცემდა ხოლმე ირგვლივმყოფთათვის. სანაცვლოდ კი არასდროს არაფერს ითხოვდა. ეს მხოლოდ მისი გამორჩეული სტილი გახლდათ.
ანზორ ერქომაიშვილი იყო ხობის საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ საორგანიზაციო ჯგუფის სულისჩამდგმელი და მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბატონ ანზორთან ერთად შევძელით ბევრი სასიკეთო და სამომავლო საქმე გვეკეთებინა და ამით ბედნიერი ვარ! მისი წვლილი ქართული ფოლკლორის, მათ შორის, მეგრული სიმღერების მოძიების, პოპულარიზაციის, გადარჩენის და მომავალი თაობებისათვის გადაცემის საქმეში ფასდაუდებელია. მადლობა მას თითოეული რჩევისთვის, დაუზარელი შრომისთვის და საქმისთვის დახარჯული თითოეული წამისთვის! ჩემი პატარა ხობის უდიდესი გულშემატკივარი იყო და არც ხობელები აკლებდნენ სიყვარულს. ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭებით გამოხატეს პატივისცემა.
სრულიად საქართველოს მიერ ღირსებით და ამაგით გამორჩეული პიროვნების გარდაცვალებამ საყოველთაო გლოვით გაგვაერთიანა. სამძიმარს ვუცხადებ განსვენებულის ოჯახს, მის უდიდეს სამეგობრო წრეს, მოსწავლეებს და საქართველოს ყველა ჭეშმარიტ ჭირისუფალს.
მშვიდად განისვენე ჩემო უფროსო მეგობარო, მშვიდობით!
არის წუთები , რომელსაც ვერასოდეს ივიწყებ _ დგახარ ცოცხალი ლეგენდის გვერდით და მთელი გულით გინდა შენს სამშობლოს ყოველთვის ჰყავდეს... ხობის საერთაშორისო ფესტივალმა სამუდამოდ შეუერთა ანზორ ერქომაიშვილის სახება ხობს და ხობელებს, დიდებული და საოცრად უშუალო, ზებუნებრივად დამაშვრალი ერისკაცი წასულა ზეციურ საქართველოში , სადაც გადარჩენილი ქართული სიმღერები და ყველა ჩვენგანის გულწრფელი ცრემლი მიაცილებს... განუზომლად დიდია მამულისთვის ეს განშორება, მაგრამ.. არდავიწყების დიადებაში გაგრძელდება თქვენი სიცოცხლე ბატონო ანზორ