საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, პანდემიის და საკარანტინო რეგულაციების გამო, შეცვლილი ფორმატით გაიმართა. გამოვლინდნენ საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები. მათ შორის, სპეციალური პრიზი გადაეცა მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის ხობელ მწვრთნელ ლევან ხურცილავას.
ლევან ხურცილავა ხობის "კოლხეთის" ყოფილი ფეხბურთელია. ის ამჟამად ხობის "კოლხეთის" ბავშვთა გუნდში მუშაობს. ამას გარდა, დამწყებ ფეხბურთელებს სოფელ ხეთასა და მიმდებარე სოფლებშიც ავარჯიშებს. ასევე, ვეტერანი მოთამაშე ხეთის სამოყვარულო გუნდის დამფუძნებელი და მენეჯერია.
ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ლევან ხურცილავას ინიციატივით, ხეთის მოყვარულთა გუნდი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სფფ-ის მოყვარულთა გუნდების განვითარების პროექტში "კლუბ დეველოპმენტ" ჩაერთო.
"ა" ლიცენზიის მქონე მწვრთნელი თავად უვლის სოფელ ხეთაში არსებულ მოედანს, რომელსაც 2020 წელს სფფ-ის "ვილიჯ არენას" პროექტის ფარგლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. სწორედ ეს გარემოებები გახდა მიზეზი, რის გამოც, ფედერაციის განმარტებით, ამ ნიმინაციაში სწორედ ლევან ხურცილავამ გაიმარჯვა.
მათ გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა.