ხობის (ხეთის) მხარეთმცოდნეობისა და საბრძოლო დიდების მუზეუმი

ხობის (ხეთის) მხარეთმცოდნეობისა და საბრძოლო დიდების მუზეუმი
სოფელ ხეთაში, სენაკი-ზუგდიდის რკინიგზის მონაკვეთის მარჯვენა მხარეს, წმინდა მთავარანგელოზთა ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს ,,მხარეთმცოდნეობისა და საბრძოლო დიდების მუზეუმი’’. მანძილი ხობიდან 9 კილომეტრია. სამუზეუმო კომპლექსის მშენებლობა რაიონის იმდროინდელი ხელმძღვანელის ნუგზარ ნადარაიას თაოსნობით დაიწყო. მუზეუმი 1985 წლის 19 მაისს გაიხსნა. იგი შედგება აგურითა და კირქვით ნაგები შენობისა, II მსოფლიო ომში დაღუპული ამირან ლატარიას ოდა-სახლის და თეატრონისაგან,
რომელიც ხუთი ათასამდე ადამიანს იტევს. ეზოს ცენტრში, უკანა მხარეს, ხელოვნური ბორცვია, რომელსაც ,,ხსოვნის კუნძული’’ ჰქვია, იგი ეძღვნება II მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას. 1995 წლამდე მუზეუმი მემორიალური ტიპისა იყო, შემდგომ იგი გადაკეთდა ,,მხარეთმცოდნეობისა და საბრძოლო დიდების’’ მუზეუმად. აქ დაცული ექსპონატების ქრონოლოგია მოიცავს საზოგადოების განვითარების ყველა პერიოდს. ადგილობრივთან ერთად წარმოდგენილია იმპორტული ბერძნული მასალებიც. მუზეუმში დაცულია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მონეტა-კოლხური თეთრი VI-III ს. მუზეუმში წარმოდგენილია XIX – XX საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა: რომელიც ასახავს ჩვენი ხალხის ყოფა-ცხოვრებას, სამეურნეო საქმიანობას: მიწათმოქმედებას, ხელოსნობას, ნადირობას, თევზაობას... გამოფენილია ძველებური საბრძოლო იარაღები. წარმოდგენილია ადგილობრივი წარმომავლობის საზოგადო მოღვაწეების თედო სახოკიას, პიერ და ბადრი კობახიძეების ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ნივთები.

წიგნი: „ხობის მუნიციპალიტეტი“
ავტორი გოგიტა ჩიტაია

#ხობი
#ხეთა
#სამეგრელო




ხეთის საბრძოლო დიდების მუზეუმის მშენებლობის პერიოდი 1984 წელი #ხობარეფ #ხეთა