ძველი ხიბულელი აკადემიკოსი პლატონ ქავთარაძე

 ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი პლატონ ქავთარაძე 1926 წლის 23 მარტს დაიბადა, ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში.

                                                 

 პლატონ ქავთარაძემ დაამთავრა ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტი; ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1950 წელს.

 მუშაობა დაიწყო მშობლიურ სოფელში საშუალო სკოლის VI-VII კლასების გეოგრაფია-ბიოლოგიის მასწავლებლად; შემდგომ ოჩამჩირის რაიონის სოფ. ბესლახუბის რვაწლიან სკოლაში გეოგრაფია-ბუნებისმეტყველების საგნების მასწავლებლად. ერთი  წლის შემდეგ იმავე სკოლაში დაინიშნა სასწავლო ნაწილის გამგედ; 1952 წელს სამუშოდ გადმოიყვანეს ხობის რაიონის მეორე გურიფულის რვაწლიანი სკოლის დირექტორად და გეოგრაფიის მასწავლებლად; 1953 წელს დანიშნეს იმავე რაიონის ზემო ქვალონის რვაწლიანი სკოლის დირექტორად. მალე იგი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და მუშაობა დაიწყო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიაში" კადრების განყოფილების უფროსად და პარალელურად ასწავლიდა ეკონომიკურ გეოგრაფიას თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში. შემდეგში მან დაამთავრა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორწლიანი ეკონომიკური კურსები და მუშაობა დაიწყო იმავე ტრესტში კადრების შრომისა და ხელფასის განყოფილების უფროსად. 1966-1970 წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური გეოგრაფიის განხრით. 1972 წელს მუშობა დაიწყო გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრაზე, ხოლო 1982 წლიდან გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის (ამჟამად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი) საწარმოო ძალთა განლაგებისა და ბუნებათსარგებლობის ეკონომიკის კათედრის გამგედ; 1982 წლიდან არის აგრეთვე საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების გორის ფილიალის თავმჯდომარე; 1983 წლიდან საქართველოს ბუნების დაცვის სახალხო უნივერსიტეტის გორის ფილიალის რექტორი. მის მიერ პირველად იქნა კომპლექსურად შესწავლილი და დამუშავებული ამიერკავკასიის ეკონომიკურ რაიონში სამშენებლო მასალების წარმოების თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები. აღნიშნულ საკითხებს მიეძღვნა 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გარდა ამისა, გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი პუბლიცისტური წერილი. მის მიერ გამოქვეყნებული წინადადება-რეკომენდაციები დანერგილია ამიერკავკასიის საშენ მასალათა მრეწველობის საწარმოებში. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1986). ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1992). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის გეოგრაფია", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ამიერკავკასიის რესპუბლიკების საშენ მასალათა მრეწველობის თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი და მისი განვითარების პერსპექტივა", დაიცვა 1990 წელს.

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1998 - ღირსების ორდენი

1989 - საქართველოს განათლების დამსახურებული მუშაკი

1986 - საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი

1970 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია

ბუნების გამოყენების ეკონომიკა=Economy of applying nature (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2011. - 320გვ.

მსოფლიო ეკონომიკა : ლექციების მოკლე კურსი (ავტორი). - თბილისი, 1998. - 140გვ.

 

წყარო: საქართველო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი.

წყარო: http://gnostikosi.blogspot.com/2020/11/blog-post_17.html