საქართველოში დღეიდან ამოქმედდა შეზღუდვები

 


კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვები დაწესდა, რომელიც ძალაში დღეიდან, 28 ნოემბრიდან შევიდა. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის პარალელურად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება:


აიკრძალოს გადაადგილება ღამის ცხრა საათიდან, დილის ხუთ საათამდე, როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით. გამონაკლისი იქნება ახალი წლის– 31 დეკემბრის ღამე და ასევე 6 იანვრის, შობის ღამე.

დაუშვებელია მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე);

რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი”);

აკრძალულია ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;

დაუშვებელია ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

აკრძალულია სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძი, მესტიაში) აკრძალულია მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

სათხილამურო კურორტეზე ასევე:

სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

24 დეკემბერი-2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:

ქვეყნის მასშტაბით


იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;

აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3 იანვარი-15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:

ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;

აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;

არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

16 იანვარი-31 იანვარი – ქვეყნის მასშტაბით:

აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

დელივერსა და გატანის სერვისებს;

სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

აგრარული ბაზრობის მუშაობას და სხვ.

არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.