ხობში კორონავირუსი ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა


 ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცი მიკროავტობუსის მძღოლია, რომელიც იმავე სოფლის საჯარო სკოლას ემსახურებოდა. მათივე თქმით, ამ ეტაპზე 100-ზე მეტი კონტაქტია მოძიებული და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება. მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

„შუახნის მამაკაცს კორონოვარუსზე გეგმური კვლევა ჩაუტარდა და დღეს ინფექცია დაუდასტურდა. ინფიცირებული სოფელ ქარიატას საჯარო სკოლის მიკროავტობუსის მძღოლია. სკოლის ყველა მოსწავლე და პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამ მძღოლს გადაჰყავდა ყველა ასაკის ბავშვი და ასევე მასწავლებლები. ამიტომ რესურცენტრის უფროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით სკოლა გადავიყვანე თვითიზოლაციაზე. ამ პიროვნების ოჯახის წევრები და ასევე მეზობლები, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა, ყველა თვითიზოლაციაშია. როგორც გვაქვს ინფორმაცია, ინფიცირებული მამაკაცის ოჯახში ორი კვირის წინ სტუმრად ბათუმის მცხოვრები იმყოფებოდა. პაციენტი უკვე გადაყვანილია შესაბამისი პროფილის კლინიკაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. მოვითხოვე სკოლის მოსწავლეების მშობლების სია, რადგან მათაც ბავშვებთან ყველაზე ახლო კონტაქტი ჰქონდათ და ისინიც თვითიზოლაციაში უნდა გადავიყვანო . ამ დროისთვის 100-ზე მეტი კონტაქტია მოძიებული, ეს არის პირველადი ცნობა,“ - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა შორენა საბახტარაშვილმა.

https://www.interpressnews.ge/ka/article/620800-xobshi-koronavirusi-ert-erti-skolis-mikroavtobusis-mzgols-daudasturda