ნუგზარ შონიას გამოხმაურება ხობში ღვთისმშობლის ვლაქერნის ხატის დროებით ხობში გადმობრძანებასთან დაკავშირებით

 


ყოვლად მიუღებელი და არაკეთილმეზობლურია ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის პრეტენზია ხობის მონასტრის სიწმინდეებზე. 28 აგვისტოს, მარაშინა-მარიამობაზე ხობის მონასტერში ზუგდიდის ვლაქერნის ტაძრის კუთვნილი, ამავე სახელწოდების ღვთისმშობლის ხატის გადმობრძანება თუ არ იყო შეთანხმებული ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის მმართველთან, ეს არის შეცდომა. პირადად მე, ამ ქმედების წინააღმდეგი ვარ. ჩვენ არ უნდა მოვექცეთ ზუგდიდელებს ისე, როგორც ისინი გვექცევიან ჩვენ. ნუთუ არ შეიძლებოდა ხობის მონასტრის და ხობელების მთავარი ხატის, ხობის „თეთროსანი“ ღვთისმშობლის გადმობრძანება ხელოვნების მუზეუმიდან. გარდა ამ ხატისა, ხობის მონასტრის ოცამდე ხატია ხსენებულ მუზეუმში დაცული. თუ ხობში არ უშვებენ, მუზეუმში ვეახლოთ ხობის ღმრთისმშობელს, იქ გადავიხადოთ პარაკლისი, წავიკითხოთ დაუჯდომელი, როგორც ამას უფლის ხელთუქმნელი ხატის, ანჩისხატის წინაშე ასრულებს ჩვენი პატრიარქი მრევლთან ერთად.