ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატს 28 აგვისტოს ნაცვლად 21 სექტემბერს ჩამოაბრძანებენ.

 ფოთისა და ხობის ეპარქიის სამდივნოს

განცხადება

(27 აგვისტო, 2020 წელი)


2020 წლის 24 აგვისტოს ფოთისა და ხობის ეპარქიის სამდივნოს განცხადებით ფართო საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე – 28 აგვისტოს – საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს შეთანხმების საფუძველზე, ხობის (ნოჯიხევის) მონასტერში, საუკუნის შემდეგ პირველად, საყოველთაო თაყვანისცემისთვის, მობრძანდება საქართველოს სულიერი საგანძურის ერთ-ერთი უდიდესი სიწმიდე – „ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი“, მასში ჩასვენებული ზეციური დედოფლის მიერ დამზადებული სარტყელის ნაწილითურთ.


დღეს, 27 აგვისტოს, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური წერილით (N01/773, 27.08.2020) მიმართა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, რომელშიც მუზეუმის დირექცია იუწყება, რომ აღნიშნული სიწმიდე საჭიროებს გამაგრების სამუშაოებს, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ტრანსპორტირება; შესაბამისად, გვაუწყებს წერილი, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებისგან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სრული დატვირთვით იმუშავებს, რათა სამუშაო დასრულდეს მიმდინარე წლის 20 სექტემბრისთვის და 21 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ეს ხატი საყოველთაო თაყვანისცემისთვის დაბრძანდეს ხობის (ნოჯიხევის) დედათა მონასტერში.


მიგვაჩნია, რომ მუზეუმის საცავიდან ამ სიწმიდის გადმობრძანება საყოველთაო თაყვანისცემისთვის, დასაბამს მისცემს ჩვენი სულიერი სიწმიდეებისადმი ახლებურ მიდგომას, რაც სახელმწიფო პოლიტიკის რანგში უნდა იქნას აყვანილი; ამის შედეგად კი შესაძლებელი გახდება, რომ ჩვენს ქვეყანაში დავანებული სულიერი საგანძური ცოცხალ ურთიერთობაში იყოს ჩვენს ხალხთან და მთელს საზოგადოებასთან, რათა ამ სიწმიდეთა უხილავმა მადლმა მეტად დაგვაახლოვოს ღმერთს, ერთმანეთს და საკუთარ თავს. 

ამ ზეციურმადლმოსილი ხატის მონასტრისკენ მომავალ გზაზე შექმნილი დროებითი დაბრკოლება კიდევ უფრო მეტად ზრდის საყოველთაო მოლოდინს ამ სიწმიდესთან შეხვედრის ისტორიული დღის მიმართ.

ძვირფასო ძმანო და დანო, გილოცავთ კარს მომდგარ დღესასწაულს – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას. დედა ღვთისმშობელი დალოცავს და განამტკიცებს თქვენს ოჯახებს, თითოეულ თქვენგანს და სრულიად სამწყსოს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.