„ხობისწყალი//ხობი- დას, საქართველოს ერთ-ერთი დიდი მდინარე, ჩხოროწყუსა და ხობის რაიონების მთავარი საწყალოსნო არტერია. სათავეს იღებს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, 2326 მ. სიმაღლეზე და ერთვის შავ ზღვას სოფ. ყულევში. სიგრძე 150 კმ. აუზის ფართობი 1340 კვ. კმ. (წყლის საშუალო ხარჯი – 44 კუბ.მ/წმ (შესართავიდან 30 კმ-ზე), მაქსიმალური – 333 კუბ.მ/წმ.). მთის ვიწრობიდან გამოდის სოფ. მუხურში, ცაუვლის დ. ჩხოროწყუსა და ჩხოროწყუს რაიონის რამდენიმე სოფელს, ხოლო კირცხისა და ლესიჭინეს შემდეგ შედის ხობის რაიონში. ჩხოროწყუს რაიონში ხობისწყლის მნიშვნელოვანი შენაკადია ოჩხომური, ხოლო ხობის რაიონში- ზანაძგა და ჭანისწყალი. მდინარეს სახელი მიუღია ადგილის სახელ ხობისაგან. ადგ. ვარიანტი ხობწყარი, ხოპწყარი. ვახუშტი უწოდებს ხორგისწყალს(პროფ. პ. ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებები IV. ჩხოროწყუს რაიონი, თბ. 2008წ.).“