თავი სიზმარში მგონია...
არ მინდა იმის დაჯერება, რაც დღეს ხდება სინამდვილეში, მაგრამ მიუხედავად ჩვენი საუკეთესო და ოპტიმისტური სურვილებისა, უნდა ვაღიაროთ, რომ მდგომარეობა მართლაც ძალიან მძიმეა. ვწუხვარ, რომ ამაზე გვიწევს საუბარი წინასააღდგომო მოლოდინის ფონზე;
ბრწყინვალე აღდგომის სიხარულს ვერაფერი დაამცრობს, რადგან ამქვეყნად არაფერს ძალუძს მისი დაკნინება. ეს არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების ზეიმი. ...და მით უფრო აქტუალურია ყურადღების გამახვილება იმ საფრთხეზე, რომელიც მრავალი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება, და რის შესახებაც დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში გვაფრთხილებენ ეპიდემოლოგები:
„საფრთხე რეალურია“
ეს მოწოდება გვესმის საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისა და კონტროლის ორგანიზაციის სპეციალისტებისგან, ეპიდემოლოგებისგან. ამ გაფრთხილების უკან კი დგას რეალური და კონკრეტული ფაქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ასიათასობით დაღუპული და მრავალი ინფიცირებული ადამიანების სახით.
ჩვენი ხალხის ისტორიულ მაგალითებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ურიცხვი მსხვერპლი გვაქვს გაღებული საუკუნეთა მანძილზე და ვიცოდით რისთვის სწირავდა ქართველი სიცოცხლეს, მაგრამ დღეს, სულ მცირე, ის მაინც უნდა გვესმოდეს, თუ ვის ან რას უნდა შეწიროს ადამიანმა თავისი (და არა სხვისი) სიცოცხლე.
ჩვენ, სასულიერო პირებს გვაკისრია პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენს სულიერ შვილზე და მათზე, ვინც მომავლიდან მოდის.
იესო ქრისტეს, როცა მას ეტყვიან რომ მისი მეგობარი ლაზარე მოკვდა, თვალს ცრემლი მოადგება!
მიუხედავად იმისა, რომ მას შეეძლო მისი მკვდრეთით აღდგენა, რაც კიდეც აღასრულა.
მიჩნდება კითხვა: ჩვენ რამ გაგვიშრო ცრემლი, რამ გაგვიქრო ემოცია ამ მძიმე ვითარებაში?!
არსებული ვითარება, მე, როგორც მღვდელმთავარს, განუზომელ პასუხისმგებლობას მაკისრებს ღმრთივრწმუნებულ სამწყსოზე, თითოეულ ადამიანზე, რომელიც სიმბოლური ცხვრებისგან განსხვავებით, თავის თავში ატარებს ღვთის ხატს; ეს ის ადამიანები არიან, რომელნიც ეკლესიაზე ისევე არიან მინდობილნი, როგორც შვილი დედის მკერდზე.
შესაბამისად, ვალდებული ვარ წმიდა სახარებისეული სწავლებისა და სინოდის დადგენილების ფარგლებში, ვიმოქმედოთ ადგილზე შექმნილი რეალური მდგომარეობის მიხედვით.
რაც შეეხება გუშინ, საპატრიარქოს კარიბჭესთან მამა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის საუბარს ჟურნალისტებთან, ამ მსჯელობიდან გამოიკვეთა, რომ საუბარი და რეკომენდაციები ეხებოდა თბილისის ეკლესიებს და სამღვდელოებას; წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარი იქნებოდა მის სიტყვაში ხსენებული გამოთქმა - „ჩვენ გადავწყვიტეთ“, რადგან არ მოგვისმენია იმის განმარტება, თუ თავის თავთან ერთად ვინ იგულისხმა ამ სიტყვის უკან.
დღევანდელი მოცემულობით, სამწუხაროდ, გამოიკვეთა, რომ მოსალოდნელ ნავარაუდებ შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა, კოლექტიური პასუხისმგებლობა, დაეკისრა მხოლოდ მრევლს!
მოგმართავ ჩემდამი ღვთივრწმუნებულ სამწყსოს: ჩემო ძვირფასებო, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ვიყოთ სოლიდარულნი ერთმანეთის მიმართ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! კვლავ და კვლავ გავიხსენოთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მაცხოვნებელი შეგონება:
„ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის.
თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ“ (ინ.15, 12-14).
დაე, აღდგომის მადლმა წარხოცოს ჩვენგან ყოველგვარი განსაცდელი და სიხარულმა აღავსოს ყოველი სული!“
შენიშვნა:
სააღდგომო მსახურებები ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება შემდეგი განრიგით:
- სამრევლო ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია დაიწყება დილით 07:00 საათზე.
- მონასტრებში სააღდგომო ლიტურგია დაიწყება 23:00 სთ-ზე.