ვთვლი, რომ საკმაოდ რთული ცხოვრების გზა გამოავიარე. დღეს, როდესაც წარსულისკენ ვიხედები და ვუყურებ ჩემი ცხოვრების განვლილ გზას, მიკვირს როგორ გადავლახე ეს პერიოდი :)
ცხოვრება ხშირად გვატარებს ისეთ გზებზე, რომელიც ჩვენ არასდროს არ აგვირჩევია და სწორედ ამიტომ არის ის ისეთი გამოწვევებითა და ჯილდოებით სავსე. ჩემი მდგომარეობა ხან აზვირთებული ტალღების შეჯახებას შევადარე და ხან კოკისპირული წვიმის დროს გზააბნეულ გემს, რომელმაც მართვის სადავეები დაკარგა და ცდილობს გადარჩეს....
მერე ბედისწერის ვიწამე. დავიჯერე რომ ჩვენს ირგვლივ რაც ხდება - ყველაფერი იქ, სადღაც, ზემოთ იწერება. ზოგჯერ მგონია რომ მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ფილმის მსახიობი ვარ და როლი, რომელსაც მთავარი რეჟისორი -ბედისწერა მათამაშებს დამღლელი, ტრაგიკული და სახალისოა. მჯერა ბედისწერის. მჯერა იმის, რომ როცა ვიბადებით ახალშობილთან მოდიან ანგელოზები და თითოეული ადამიანის მომავალს განსაზღვრავენ.
აი, ჩემს შემთხვევაში კი, ეტყობა ანგელოზს ეშმაკმა დაასწრო, რომელმაც ტკივილით სავსე როლზე დამამტკიცა. მაგრამ, გარკვეულ სიტუაციებში და ცხოვრებისეულ გამოწვევებში ეშმაკზე გონიერი გამოვდექი და დაბრკოლებები დავამარცხე. თან, არაერთხელ.
როგორც მოლეკულა შედგება სხვადასხვა ზომის ატომებისგან, მთელი ჩვენი ცხოვრება პატარ-პატარა ომების, ბრძოლების, გამარჯვებისა და დამარცხებებისგან შედგება. ხშირად, ვამბობ ხოლმე რომ არა განსაცდელი - აზრი არ აქვს არაფერსთქო და მართლაც ასეა. შესაძლოა დარდი და ტკივილი ვიღაცას აჭაღარავებს, მაგრამ ჩემს ჩემთხვევაში ასე სულაც არ არის. ეს შეგრძნებები მავითარებს და ამ შეგრძნებებით ვხვდები რომ ცოცხალი ვარ. ხოდა, როცა პერიოდულად ვერკინები სხვადასხვა დაბრკოლებებს და მათზე ვიმარჯვებ თავი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე მგონია გრამპრით ხელში. ადამიანების უმეტესობა შედეგებზე ვართ ორიენტირებული. იმარჯვებ? ესეიგი წარმატებული ხარ, თუ არა და არა. არადა, სინამდვილეში თავად პროცესია მნიშვნელოვანი. პროცესი, რომლის დროსაც ვითარდები და ძლიერ ადამიანად ყალიბდები. რადგან, სხვა არჩევანი არ გაქვს, ვინაიდან ბუნება მხოლოდ ძლიერებს სწყალობს.
ჩემი ცხოვრება რამდენიმე ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპი მოიცავს გამარჯვებებსა და რა თქმა უნდა დამარცხებებასაც.
ყველაზე მტკივნეული და მწარე დამარცხება იყო დედის გარდაცვალება. დედის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ყველაზე მაღალი სიმაღლიდან მიწაზე მწარედ დანარცხებას ჰგავდა. დანარცხებას, როცა არცერთი ძვალი არ გაქვს მთელი შერჩენილი.
ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე, რომ მორჩა, რომ ეს იყო ბოლო დაცემა და ფეხზე წამოდგომის არც ძალა და არც სურვილი აღარ გამაჩნდა. რადგან დავკარგე არამარტო დედა, არამედ ყველაზე დიდი გულშემატკივარი, მეგობარი და ცხოვრების ინსპირატორი.
ალბათ ეგონა ბედისწერას რომ საბოლოოდ გაიმარჯვა ჩემზე და ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართებოდა. ესე არ მოხდა. შევძელი მდინარის საწინააღმდეგოდ გაცურვა. კი მე, ეს შევძელი - დედის ხსოვნის უკვდავსაყოფად, მისი გულისთვის. ცოცხალი დავრჩი, არ მოვკვდი, მაგრამ აღარ ვიყავი ის, ვინც ადრე ვიყავი.
შემდეგ დალეწილი და დარდებში მიმოფანტული ძვლების შეგროვება, შეკოწიწება და ძველი იერსახის დაბრუნება დავიწყე. ვიწამე თქმულება, რომ ადამიანს ზუსტად ის ტკივილი აძლიერებს, რომელსაც ეგონა, რომ ვერ
გადაიტანდა.
მერე მივხვდი, რომ რაც არ უნდა მწარე იყოს მიწაზე დანარცხება, შენში მაინც რჩება ის რაღაც, რაც გაიძულებს, გიბიძგებს არსებობას.
ეცემი, გტკივა, მაგრამ ძლიერდები და ფეხზე წამოდგომას სწავლობ :D
მარიკო კობახიძე