27 მარტს ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები. მათ შორის, დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა პროგრამების შემცირების, ნაშთის ასახვისა და გრანტებიდან შემოსული თანხები მიიმართა პრიორიტეტის „ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რეაბილიტაციასა და ექსპლოატაციაზე“ , აქედან, „გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა“ 477,3 ათასი ლარი, 398,0 ათასი ლარი - ქვეპროგრამის „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აქტივების რეაბილიტაცია“, 541,5 ლარი მიიმართა ქვეპროგრამის ,,საჯარო სკოლების დაფინანსებაზე“. ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა ჯამში გაიზარდა 784,8 ათასი ლარით და შეადგინა 13919,8 ათასი ლარი. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“, რომლის თანახმად მოწონებულ იქნა შემდეგი პროექტები: ა) ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საჭოჭუოში გზის მოწყობის (ასფალტო-ბეტონი) სამუშაოები; ბ) ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწყობის (ასფალტო-ბეტონი) სამუშაოები; გ) ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა; დ) ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები; ე) ქ. ხობში მეუნარგიას ქუჩის (ახალი დასახლება) სარეაბილიტაციო სამუშაოები; ვ) ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კუთხე ნოჯიხევში გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები; ზ) ქ. ხობში სტალინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები; თ) ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში (მონასტრის უბანი) სასოფლო გზის ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები; ი) ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის საფუძველზეც №59 განკარგულებაში გასწორდა ტექნიკური შეცდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.