ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. რეაბილიტირებული გზა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ლუდუკ ხასიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს. პროექტის შესაბამისად მოეწყო ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები, გზაზე დაიგო ასფალტის საფარი. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2,5 მილიონ ლარს შეადგენს (პროექტი გარდამავალია). სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. გზა, რომელიც სოფელს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს, წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.