მეუფე გრიგოლი არ გამორიცხავს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სინოდის სხდომა კიდევ ერთხელ ჩატარდეს

შეიძლება, დღეების განმავლობაში ჩატარდეს სინოდი და კვირა გაგრძელდეს, საჭიროება როგორ მოითხოვს , - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, უნდა შეიკრიბოს თუ არა სინოდი.

მის თქმით, სინოდის სხდომის მოწვევამდე იმოქმედებენ რწმენისა და გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიხედვით.

,,თქვენ კარგად ხედავთ, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ეს ეხება თითოეულ ადამიანს. სინოდის სხდომა ჩატარდა, ამის შემდეგ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, აწი რა თქმა უნდა მოწვეული იქნება სინოდის სხდომა, არ იქნება მოწვეული, შევხედავთ ამას. ყოველ შემთხვევაში ვიდრე მოწვეული იქნება ჩვენ ვიმოქმედებთ რა თქმა უნდა, ჩვენი რწმენის, სინდისის მიხედვით და ვიმოქმედებთ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიხედვით. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ ჯერჯერობით და ვიბრძვით ზეციური მოქალაქეობისთვის“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

საჭიროების შემთვევაში შეიძლება, თუ არა ასე მოკლე პერიოდში შეიკრიბოს სინოდი, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ შეუძლებელი არაფერია და ეს სინოდის თავმჯდომარემ უნდა გადაწყვიტოს.

,,შეიძლება დღეების განმავლობაში ჩატარდეს სინოდი და კვირა გაგრძელდეს, საჭიროება როგორ მოითხოვს. რა თქმა უნდა, შეუძლებელი არაფერი არ არის. შეიძლება ითხოვდეს კიდეც ეს ვითარება. კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, ამაზე გადაწყვეტილებას ღებულობს სინოდის თავმჯდომარე. სხვა ესეთი პროცედურული საკითხები, თუ სინოდის თავმჯდომარე არ იწვევს , ასე გაწერილი არ არის, როგორც პარლამენტში . ერთ რამეს გეტყვით, უბრალოდ, მე რაც არ მომწონს, ეს უკვე მეორედ მოხდა ჩემს ყურთასმენას, როცა კონკრეტული საგანგებო გადაწყვეტილების მიღება ხდება და ითქმება ხოლმე, ერთხმად მიიღო სინოდმა გადაწყვეტილება, მე აბსოლუტურად არ ვღებულობ ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ,,ერთხმად“ თვითონ ეს ტერმინი ცოტა წარსულის ტერმინია. ერთხმად გადაწყვეტილებას ღებულობენ, როცა ყველა თავის ხმას გამოხატავდა, იქ სადაც კენჭისყრა არ ტარდება, ერთხმად გადაწყვეტილება არ მიიღება,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე ამბობს, რომ ახლა "შეხების წერტილები უნდა ვეძებოთ", რაც მდგომარეობის დაძლევაში დაგვეხმარება.

,,ჩვენ ახალა უნდა ვეძებოთ ის შეხების წერტილები, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება მდგომარეობის დაძლევაში და არა დაძაბვაში. თითოეულ თქვენგანს მინდა გთხოვოთ, ჩვენ ადამიანები იმით კი არ დავაბრკოლოთ, რომ აი, იქ ვიღაც ორი კაცი ახლოს იდგა, გავამხნეოთ იქით, რომ უმეტესობა მართლაც მაღალი შეგნებით იქცეოდა და ეს არის პირველი დღე და მე ვფიქრობ, რამოდენიმე დღეში მდგომარეობა ისე დარეგულირდება, შეშურდეს ბევრ ადამიანს ჩვენი ხალხის შეგნებული და ჩვენი მორწმუნე საზოგადოების შეგნებული ქცევა“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლი ჟურნალისტების კითხვაზე, იცავს თუ არა თვითიზოლაციაში მყოფი პირი შესაბამის წესებს, პასუხად აცხადებს, ,,რომ არ იცავდეს ვინმე ჩვენ გვეცოდინებოდა, გეტყვით, იცავენ.“

,,რომ არ იცავდეს ვინმე ჩვენ გვეცოდინებოდა, გეტყვით, იცავენ. იცავენ ყველა იმ წესს, რაც მათ ეხებათ, ყველა ადამიანს, ვინც შემოდის უცხოეთიდან, საქართველოს მოქალაქე იქნება თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე“ , - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლის განცხადებით, დღევანდელ მდგომარეობას მორწმუნეები ლოცვით უნდა შეეწიონ.

,,არაჩვეულებრივ არაორდინალურ საგანგებო მდგომარეობაში ცხოვრობს დღეს ქვეყანა და ვერ დავტოვებთ უყურადღებოდ ამ თემას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ,რა მდგომარეობა არის და სახელმწიფომაც მიიღო დადგენილება ამ ვითარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს მძიმე ტვირთად აწვება მთლიანად სახელმწიფოს, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ავალდებულებს მის შესრულებას, მეორეს მხრივ ჩვენი მონაწილეობა პიროვნული, პერსონალური იყოს ის, რომ ლოცვით შევეწიოთ ამ საქმეს და არ მოვდუნდეთ. კი არ დავშორდეთ ღმერთს, კი არ დავშორდეთ ეკლესიას, კი არ დავშორდეთ რწმენას, არამედ პირიქით, უფრო დავუახლოვდეთ ერთმანეთს, დავუახლოვდეთ ღმერთს. იყო დრო, როდესაც არათუ ტაძარში შესვლა იკრძალებოდა, არამედ ანგრევდნენ ტაძრებს. ადამიანები საიდუმლო ადგილებში მიდიოდნენ სალოცავად. ბევრად უარესი მდგომარეობა იყო, როდესაც უღმერთო ხელისუფლების დროს, რომის იმპერიაში თუ საბჭოთა პერიოდში თუ რა მდგომრეობაში იყო ქრისტიანობა. ნუ შევადარებთ დღევანდელ მდგომარეობას, ნუ დავძაბავთ ერთმანეთს და ნუ ვუბიძგებთ უაზრო გმირობისკენ, რომ აი ეკლესიას ებრძვიან. ეკლესიას ებრძვის გაუნათლებლობა, უმეცრება, თორემ მე გეტყვით ასეთ რამესაც, ისინი,ვინც საკუთრი სიცოცხლის ფასად უამრავ ადამიანს უსწრაფავენ სიცოცხლეს, თვითმკლელები რომ არიან, რომლებიც ტერორისტულ აქტებს აწყობენ, ათსობით ადამიანს ხოცავენ, მორწმუნეები არიან ისინიც, მათაც სწამთ ღმერთი, მთავარია რა გწამთ და როგორ გწამთ, ეს არის მნიშვნელოვანი და გახსოვდეთ ქრისტიანენი მოწამე ადამიანები არიან, ქრისტიანის არა მარტო ფიზიკური დევნის ჟამს, არამედ ასეთი ყოველდღიური ცხოვრების დროსაც მოწამეობა არის. ხო ხედავთ ადამიანები, თუნდაც დროის მოკლე მონაკვეთში, რომ განერიდონ ადამიანებს დაიცვან საკუთარი თავი და სხვაც, როგორ გაურბიან და როგორ უჭირთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესენი ცუდი ადამიანები არიან, ისინი თავის სისუსტეს ამჟღავნებენ, თავის ურწმუნოებას და სასოწარკვეთილებას“, - აღნიშნა მეუფემ.

ამასთან, მეუფის განმარტებით, მოქალაქეებს, ეკლესიას მაღალი ქრისტიანული და სამოქალაქო შეგნება სჭირდება.

,,ქრისტიანობა სწორედ ის არის, რომ გაიღონ მსხვერპლი სხვათათვის, ვითარცა ქრისტემ ჩემთვის, მე თქვენთვის, თქვენ თითოეულმა ერთმანეთისთვის და სამყაროსთვის. აი ასეთი მაღალი ქრისტიანული და სამოქალაქო შეგნება გვჭირდება დღეს, სჭირდება ეკლესიას, სჭირდება მთელს ერს და ქვეყანას, და თუ ჩვენთან შედარებით იოლი ფორმებით მიდის ეს ეპიდემია, მოდი, მადლობა შევწიროთ ღმერთს და ვეცადოთ, რომ ეს ტემპი არ დავამძიმოთ კიდე უარესად და მაქსიმალურად ღვთის შემწეობით და თავდადებული ადამიანების პროფესიული მოღვაწეობით, შევეცადოთ, რომ , რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით და ნაკლები სიმძიმით გავიაროთ, ეს შესაძლებელია. თუმცა, განსაცდელი ჩვენ ყოველდღიურად გველოდება, ჩვენ არ გვეშინია სიკვდილის, არ გვეშინია დევნის, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია უაზრო მსხვერპლი, აი ეს არის მთავარი გასათვალისწინებელი“ , - განაცხდა მეუფე გრიგოლმა.