ხობის მცხოვრები მარტა ტურავა პირბადეებს უკვე ერთი კვირაა ამზადებს. ფერადი, სახალისო ნაჭრებისგან დამზადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში დეფიციტი გაჩნდა. ჯერ ერთი პირისგან მიიღო შეკვეთა. ნახელავი მოუწონეს. მერე იყო მოხალისეთა ჯგუფი, რომელმაც შესთავაზა გაეკეთებინა იმდენი, რომ მოქალაქეებისთვის დაერიგებინათ. დღეს თხოვნის უამრავ წერილს იღებს.
მარტას სამკერვალოში საკუთარი ფართი ჰქონდა, თუმცა როცა ბავშვი შეეძინა, მუშაობა სახლში განაგრძო. ახლა შეკვეთები ნაკლებად აქვს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო. კაბა ვის უნდა, საზეიმო სიტუაცია არ გვაქვსო. ამიტომაც ხელი პირბადეების გაკეთებას მიჰყო. მასალის ნაწილი თავად ჰქონდა, ნატურალური ქსოვილები - კოტონი და ბატისტი, ზოგი ნაჭრების მაღაზიამ, ან კერძო პირმა აჩუქა რეზინებთან ერთად.
"ბევრი მწერს, რა დამიჯდება, როგორ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში. ჩემი ხელობით რაც შემიძლია, ვეხმარები ადამიანებს. თუ მე მაქვს ქსოვილი, ჩემით ვუკერავ. თუ არა, მოაქვთ. ამაში ანაზღაურებას არ ვიღებ", - უთხრა მარტა ტურავამ "ლაივპრესს".
მისი თქმით, პირბადეები მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა. მუშაობაში ერთი ადამიანი ეხმარება. ასი ცალი მოხალისეთა ჯგუფს უკვე გადასცეს, რომლებიც მოქალაქეებს დაურიგდებათ. ამ რაოდენობის დამზადებას დაახლოებით ოთხი საათი მოანდომა
შეკვეთებს ჯერ მხოლოდ კერძო პირებისგან იღებს. ორგანიზაციებს არ მოუმართავთ.
"განწყობისთვის პირბადისთვის სახალისო ლუი ვიტონები შემოვიტანეთ, რომ ასეთ პერიოდში უფრო გავხალისდეთ", - გვითხრა მარტამ.
wyaro: https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/32747-khobeli-marta-pirbadeebs-ufasod-keravs-foto-.html
wyaro: https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/32747-khobeli-marta-pirbadeebs-ufasod-keravs-foto-.html
