ხობელმა ახალგაზრდებმა ხანდაზმულებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად მოხალისეთა ჯგუფი შექმნეს
ხობელმა ახალგაზრდებმა ყველაზე მოწყვლადი ოჯახების დასახმარებლად მოხალისეთა ჯგუფი შექმნეს. მათ მარტოხელა მოხუცებისთვის, მრავაშვილიანებისთვის და შშმ პირებისთვის, თავიანთი ძალებით და კერძო კომპანიების დახმარებით სურსათი და პირველადი საჭიროების ნივთები შეაგროვეს.
ამასთან, მოხალისეებმა მოხუცთა ნაწილს კომუნალური გადასახადები დაუფარეს და საჭირო მედიკამენტებით მოამარაგეს.
ისინი სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში აგროვებენ პროდუქტებს და აწვდიან მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა. ამ დროისთვის ახალგაზრდებმა 220 ოჯახის დახმარება შესძლეს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.