არავინ გაიძულებთ არჩევანს ღმერთს და ვირუსს შორის - ფოთის და ხობის მიტროპოლიტი (video)



ფოთის და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლის განცხადებით, თითოეული ქრისტიანი მზად არის თავი გაწიროს ქრისტესთვის და არა ვირუსებისთვის, არა ტკივილებისთვის და არა იმ უბედურებისთვის. მან ლოცვის დაწყებამდე მრევლს მიმართა და შეკრებილებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.


"როცა ჩვენ ქრისტიანული სიმაღლიდან ვსაუბრობთ ორ მცნებას, გიყვარდეს ღმერთი შენი და არასდროს არ შეიძლება ამის უარყოფა და განდგომა და გიყვარდეს მოყვასი შენი. არავინ გაიძულებთ, რომ არჩევანი გააკეთოთ ღმერთსა და ავადმყოფობას შორის, ღმერთსა და ვირუსს შორის. დღეს ჩვენ გეუბნებით, სახელმწიფო გვეუბნება, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს და აქ უფრო იმპერატიული ფორმაა და ადგილი აქვს ერთმანეთისადმი მოფრთხილებას.



ჩვენი რწმენა ქრისტეში არ ნიშნავს საღი აზრისგან განდგომას და უარყოფას, ჩვენ ყოველთვის საღი აზრის პატივისმცემელი უნდა ვიყოთ და საღი აზრი არ ნიშნავს ღმერთის განდგომას", - აღნიშნა მიტროპოლიტა.



მისი თქმით, განსაცდელი დიდია, რაც მოტივაციაა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ილოცონ სახლში, ტაძრებში, ყველგან. ტაძრები არ იკეტება, და რომ არ შეიძლება რეალობისა და სასურველის ერთმანეთში აღრევა.



"დღეს აქ ვართ ტაძარში, ჩვენ მაგალითი უნდა მივცეთ სხვა ადამიანებს. ეუბნებიან ადამიანს მოუფრთხილდი შენს თავს, მეზობელს, ნათესავს, გარბიან, ვერ უძლებენ ამას. როგორი სუსტები ვართ. საგანგებო მდგომარეობა იმით არის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენ თვალწინ მტერს, თუ ადამიანი მოერიდება არანაირად არ ნიშნავს ეს რწმენის სისუსტეს", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.



საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და დაწესებული შეზღუდვები ეკლესიასაც შეეხება.



ქვეყანაში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა.



სამი გამოჯანმრთელდა.