ქალაქ
ხობში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა. ცენტრის მომსახურებით
ექვსიდან თვრამეტ წლამდე ასაკის 20 ბენეფიციარი ისარგებლებს.
დღის
ცენტრის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი)
ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო
რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მხარდამჭერი
ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცენტრი ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის მომსახურებას შესთავაზებს.
ბავშვებთან სპეციალისტები არაფორმალური განათლების,
თერაპიული აქტივობებისა და სოციალური უნარების განვითარების მიმართულებით იმუშავებენ. ცენტრი, ასევე უზრუნველყოფს
ბავშვთა ტრანსპორტირებას და კვებას.
ევროკავშირის
ფინანსური მხარდაჭერით გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა განათლებისა და განვითარების
ცენტრ “თოლისკურის“ პროექტმა: “თანასწორობა გვჭირდება“.
პროექტის “თანასწორობა გვჭირდება“ მნიშვნელობიდან და
საჭიროებიდან გამომდინარე, ხობის მუნიციპალიტეტის მერიას, “საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდს“
(ASB) და განათლებისა და განვითარების ცენტრ “თოლისკურს“ შორის გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის
მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმით მერიამ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრისათვის კეთილმოწყობილი ფართი დაიქირავა (კომუნალური ხარჯების
დაფინანსების ჩათვლით).
აღნიშნულ სოციალურ პროექტს საქართველოში “საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“
(ASB), განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), ხელმისაწვდომი გარემო
ყველასათვის (AEE) ახორციელებენ.