ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის
მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის
მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის
სიტყვა
„დეზინფორმაციის წინააღმდეგ ევროკავშირის
სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში 21 ნოემბერს
თბილისში გამართულ ღონისძიებაზე.
პატივცემულო საზოგადოებავ, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით! ვიდრე ძირითად სათქმელზე გადავიდოდე, მსურს მადლობა ვუთხრა ყველა იმ ორგანიზაციას და ადამიანს, რომლებმაც ორგანიზება გაუკეთეს ამ უაღრესად მნიშვნელოვან შეკრებას და საგანგებოდ გაისარჯნენ იმისთვის, რომ დღევანდელი შეხვედრა შემდგარიყო. ეს უაღრესად საჭირო ფორუმი, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ და ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს შეხედულებებს დღევანდელობის ერთ-ერთ აქტუალურ და მწვავე პრობლემის შესახებ, არის საიმისოდ გაწეული ძალისხმევა, რომ დაძლეულ იქნეს საზოგადოებრივი აზრის დეზინფორმაციის მიზნით მიზანმიმართული მზაკვრული და დაუნდობელი შემოტევები, რომელსაც ადგილი აქვს სულიერ, იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ბრძოლის ველზე; ჩვენ საქმე გვაქვს სიმართლისა და სიცრუის, სინათლისა და სიბნელის ურთიერთმიმართების (დაპირისპირების) პრობლემასთან. ეს არ გახლავთ ახალი მოვლენა, ჯერ კიდევ ბიბლიური ისტორიის შესაქმის ნაწილში ვხვდებით მას, როცა პირველი ადამიანები დადგნენ ამ პრობლემის წინაშე და მისი მსხვერპლნი შეიქნენ: გველმა ცრუ ამბავი (ე.წ. „დეზინფორმაცია“) მიაწოდა მათ და დააჯერა კიდეც ისინი, რომ ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო, ყოველივე ხილული და არახილული, და რომლის შემოქმედების გვირგვინიც არის ადამიანი, თითქოს არის მათი არაკეთილმოსურნე, თითქოს არ ემეტება მათთვის ის ცოდნა და უნარები, რაც მათ მათსავე შემოქმედს მიამსგავსებს.
ე.წ. „სიცრუის ფილოსოფია“ მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ადამიანში დათესოს ეჭვი და უნდობლობა სიმართლისადმი. სიცრუე არის ბოროტი სულის თვისება და ის მხოლოდ სიმართლით შეიძლება დაიძლიოს; შესაბამისად, სიბნელეს სინათლე გაფანტავს; უმეცრება კი მხოლოდ განათლებით დამარცხდება.
ახლა კი ჩემი მოხსენების ძირითად ნაწილზე გადავალ:
ცნობილია, რომ ადამიანური აზროვნების ერთ-ერთი თავდაპირველადი სახე მითოსური აზროვნება იყო. ამ უკანასკნელმა დაუდო სათავე როგორც დასავლურ, ასევე აღმოსავლურ ცივილიზაციათა განვითარების გეზს, რომელმაც, საბოლოოდ, თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეპოქამდე მიგვიყვანა. ამგვარად, საკაცობრიო აზროვნების ისტორია - მითოსის ეპოქებიდან დაწყებული დღემდე - მითების მსხვრევისა და დაძლევის გრძელი და სირთულეებით აღსავსე გზაა, რომლის განმავლობაშიც ჭეშმარიტების შესახებ სხვადასხვა ეპოქებში არსებული მცდარი/ცრუ წარმოდგენები ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი ტკივილითა და ტანჯვით იმსხვრეოდა.
ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ღვთისმსახურისთვის, ამოსავალი დებულებაა, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი არსებაა; მიმაჩნია, რომ წმიდა მამების (პატრისტიკის) ეპოქამ ადამიანის ქრისტიანულ-ანთროპოლოგიური ხატისა (არსისა) და თეოლოგიური დანიშნულების გაგების საქმეში ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია და, ამ მხრივ, ფასდაუდებელი სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრეობა დაგვიტოვა, მაგრამ იმასაც კარგად ვხედავ, რომ თანამედროვე ადამიანის არსისა და ქცევის ფორმათა გაგება მისი სოციალური მდგომარეობისა და ჩვენი ეპოქის სოციალურ-პოლიტიკური ცოდნის გამოყენების გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება.
ადამიანი ცოდნის მომპოვებელი და დამგროვებელი არსებაა. ის მოაზროვნე ცოცხალი არსება და შემმეცნებელი სუბიექტია, რომლისთვისაც საგნებისა და მოვლენების ბუნების შესახებ ცოდნის მოპოვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაცოცხლებელი იმპულსია. მაგრამ, ინტელექტუალური შემეცნების უნარებისა და მეთოდების სიმწირის ან შეზღუდულობის გამო, საღი აზრი, ადამიანის გონებაში, ხშირად უთმობს ადგილს ყალბ და ცრუ ცოდნას, რამდენადაც, სათანადო ინტელექტუალური არსენალის გარეშე, საღი აზრი სხვა არაფერია, თუ არა ობიექტურობის წამიერი გაელვება, რომელიც უმალვე იკარგება, თუკი ის არ არის გამყარებული ფაქტებსა და ანალიზზე დაფუძნებული ცოდნით.
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სამყარო, თავისი ფორმითა და შინაარსით, თითქოს, უფრო მეტად „ფაქტობრივი“ და „პოზიტივისტურია“, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, არა მხოლოდ უძველეს ეპოქათა მითოსური აზროვნების გარკვეულ მემკვიდრეობას ვატარებთ, არამედ დღესაც, ისევე, როგორც უწინ, თავადვე ვქმნით ჩვენი დროის „მითებს“. ეს ე.წ. „ახალი მითები“ ყველა საზოგადოებაში შეგვხვდება და ისინი ჭეშმარიტების ყველაზე დიდი მტრებად გვევლინება.
სოციალურ-პოლიტიკურ ჭრილში, ახალი ინფორმაციის მოპოვებისაკენ ადამიანის ბუნებრივი, დაუოკებელი სწრაფვისა და თანამედროვე, უკიდეგანო საინფორმაციო უდაბნოების არსებობის ფონზე, ამგვარი მითების ერთ-ერთი მთავარი წყარო არის დეზინფორმაცია. საქართველოში დღეს გავრცელებული დეზინფორმაციის მექანიზმებს სათავე საბჭოთა კავშირში დაედო. დეზინფორმაცია, მეოცე საუკუნეში, საბჭოთა პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო, რომლის მეშვეობითაც, საბჭოეთში ხდებოდა დასავლური სამყაროს მიღწევების, ფასეულობებისა და ცხოვრების წესის დისკრედიტაცია. ამგვარად, საბჭოთა კავშირის მსგავს ტოტალიტარულ სისტემებში, დეზინფორმაცია არსებული პოლიტიკური სისტემის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენდა.
ანალოგიური ვითარება გვაქვს თანამედროვე მსოფლიოში არსებულ ავტორიტარულ სახელმწიფოებში, სადაც დეზინფორმაცია საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია. თუმცა, დეზინფორმაციის ფენომენი მხოლოდ არათავისუფალ პოლიტიკური რეჟიმებში როდი გვხვდება.
განვითარებადი, ისევე, როგორც შედგარი დემოკრატიის ქვეყნებისთვის დეზინფორმაციასთან ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ცხადია, რომ ეს ერთობ კომპლექსური, შრომატევადი და განგრძობადი პროცესია, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის დიდ რესურსებსა და მრავალმხრივ ძალისხმევას მოითხოვს, არამედ იმიტომაც, რომ დეზინფორმაციის თანამედროვე მექანიზმის ელემენტები, ადამიანის უსაკუთრივეს არსზე, მისი ბუნების ცალკეულ მნიშვნელოვან თვისებებზე დაყრდნობით არის შემუშავებული, რომელთაგანაც ზოგიერთის შესახებ ზემოთ ავღნიშნე.
დეზინფორმაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და პრობლემაა განვითარებადი ქართული დემოკრატიისთვისაც, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. რუსეთის ფედერაციის სურვილი, გავლენა მოახდინოს ქართულ საზოგადოებრივ აზრზე, სერიოზულ სირთულეებს წარმოქმნის ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რუსული პროპაგანდა მტკივნეულ რელიგიურ, სოციალურ-ეკონომიკურ თუ სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებზე აპელირებით, ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების მიმართ დასავლეთიდან მომდინარე საფრთხის მოდელირებითა და სიმულაციით, მიზანმიმართულად ანგრევს ქართული საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებს, რითაც ქართული სახელმწიფოებრიობის დასუსტებასა და საქართველოში დასავლური სამყაროს ხატის დისკრედიტაციას ცდილობს.
რაშია გამოსავალი?
გამოსავლის ძიებას ამ გამოწვევის ორ პერსექტივასთან მივყავართ, ერთი მათგანი მოკლევადიანია, მეორე კი – გრძელვადიანი.
ა) მოკლევიადიან პერსპექტივაში, გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს სატელევიზიო მედიაში, პრესასა და ინტერენტ სივრცეში შესაბამისი საინფორმაციო პლატფორმების განვითარება, მათი მუდმივი მხარდაჭერა და საზოგადოებაში პოპულარიზება. ჩვენი ქვეყნის სწრაფად მოწყვლად ჯგუფებში კი საჭიროა იმგვარი ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რომელიც შესაძლებელს გახდის თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში მათი მრავალმხრივი ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხარისხის ამაღლებას. ეს შესაძლებელს გახდის, დეზინფორმაციის ინტენსიური ნაკადების გარკვეული დოზით შეკავებასა და დაბალანსებას.
ბ) გრძელვადიანი პერსექტივა კი მოითხოვს უფრო ხანგრძლივ და კომპლექსურ შრომას, დიდი რესურსებსა და დროს, რადგან ის განათლების სფეროს გაუმჯობესებასა და ნამდვილ რეფორმას ეხება. ყოველთვის ვიზიარებდი იმ მოსაზრებას, რომ განათლება ნაყოფიერი სამოქალაქო და სოციალური ცხოვრებისა და, სრულფასოვანი პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბების მთავარი წინაპირობაა. განათლება მხოლოდ შიშველი თეორიულ ცოდნის შეძენა არ არის; სახელმწიფოებრივი კუთხით, ის უმეტესწილად სოციალური უნარ-ჩვევების, კომპეტენციებისა და ფასეულობების შექმნა-შეძენის პროცესია. საგანმანათლებლო დაწესებულებამ მხოლოდ ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი კი არ უნდა მოამზადოს, არამედ, უწინარეს ყოვლისა, უნდა აღზარდოს იმ ტიპის მოქალაქე, რომელსაც კარგად ექნება განვითარებული კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარები, შეძლებს ლოგიკურ და სისტემურ აზროვნებას, ღირებულებით მსჯელობას. ასეთი მოქალაქე კი ადვილად მოახდენს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ზუსტ იდენტიფიცირებას და თავადვე ჩაერთვება მის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამდენად, სასკოლო და უმაღლესი განათლების სრულფასოვანი რეფორმა (რომლის მთავარი მიზანიც თანამედროვეობის გამოწვევათა გათვალისწინების გზით მათი ადეკვატური დაძლევაა) ზემოთ წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად გვესახება.
ბატონებო და ქალბატონებო!
დასასრულს მოგახსენებთ, რომ დეზინფორმაცია, როგორც პოტენციური საფრთხის შემცველი მუდმივი გამოწვევა, კაცთა მოდგმის თანმდევი პროცესია და მასთან დაპირისპირება, მისი გაუვნებელყოფა მოითხოვს განუწყვეტელ, გეგმაზომიერ და მიზანმიმართულ პრევენციულ ღონისძიებათა მთელი რიგის გატარებას, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოების მუდმივი სწორი ინფორმირება უნდა იყოს.
გრიგოლ ბერბიჭაშვილი
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის
/ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი/