ხობის მუნიციპალიტეტის ლამაზ გორაკებზე შეფენილია სოფელი ბია. ბიაში, მეოცე საუკუნის 10-იან წლებამდე იმართებოდა რიტუალი „მალანურობა“.
ცნობილი მეცნიერი დიმიტრი ჯანელიძე ტოპონიმ „ბია“ -ს „მალანურობის“ რიტუალს და ძველ ბერძნულ კულტურას უკავშირებს. გთავაზობთ ნაწყვეტს წერილიდან: „ამირანი კოლხეთის სახილველში“.
ბია მითოლოგიურრ-რიტუალურის ანალიზი, მარტოოდენ სიმბოლოების, სანახაობის სტრუქტურული აღნაგობისა და შინაარსობრივი სიღრმის გამოკვლევით როდი კმაყოფილდება. მისი ინტერესი იმ სივრცესა და ადგილმდებარეობასაც მოიცავს, სადაც მალანურობა იმართებოდა.
„ბია“ ერთადერთი სოფელია, რომელმაც მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე შემოინახა მალანურობა - ეს საკვირველი სახილველი შესაძლებელია, თვით ამ სოფლის სახელწოდებაში იყოს ჩამარხული ახალ გაგნებათა გზა-კვალის მისანიშნებელი რამ.
„ბია“ თითქოსდა მცენარეულის, ხილეულის სახელწოდებასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, მაგრამ როგორც ადგილობრივი ყოფაცხოვრების მცოდნე პირებისგან შევიტყვე, სოფელი ბია ჭაობიანი ადგილია და იქ ხეხილის ხე - ბია არ ხარობს.
თუ თეოფორიულ-მითოლოგიურ სახელებს მივმართავთ, აღმოჩნდება, რომ ძველ-ბერძნული „ბია“ - დემონი, ღვთაება, საშინელების და ქალ-ღვთაება სტიქსეს ვაჟიშვილი. გიგანტებთან ბრძოლაში ბია ღმერთების მხარეზე იბრძოდა, იყო ზევსის ნება-სურვილის შემსრულებელი. სწორედ ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვა პრომეთე კლდეზე კავკასიაში. მითი გამოიყენა ესქილემ „მიჯაჭვულ პრომეთეში“.
ესქილეს ტრაგედიაში „მიჯაჭვული პრომეთე“ გამოყვანილი არიან მოქმედ პირებად „ძალა“ და „ძალადობა“ ბერძნულად „კრატოს“ და „ბია“. ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთეს“ სცენა იწყება ჰეფესტოს და ძლიერების (კრატოს) და ძალადობის (ბია) გამოსვლით. ძლიერება საუბარში არ მონაწილეობს. ის, ასე ვთქვათ, წარმოიდგინება მხოლოდ, რადგან ძალადობა ხომ ამავე დროს ძლიერებასაც შეიცავს. ბია, ჰეფესტოსთან ერთად ჯალათად წარმოიდგინება, ის აქეზებს და აჩქარებს ჰეფესტოს კლდეზე დაუყოვნებლივ მიაჯაჭვოს პრომეთე.
იქნებ ხობის რაიონის იმ სოფლის სახელწოდება, სადაც ამირან-პრომეთეს მოტივების შემცველი „მალანურობა“ იმართებოდა, სახელწოდება „ბია“ - იყოს მითოლოგიური დემონის, მთავარი ღვთაების ნება-სურვილის ამსრულებლის „ბია“-ს სახელი. კავკასია, ამირანის ჭირისუფალი კოლხი ქალები, პრომეთე, მთა ამარანტი, სტრობოლი.
დასაშვებია თუ არა ასეთი ვარაუდი, რომ ტოპონიმი „ბია“ უკავშირდება დემონის „ბია“-ს სახელს? საქართველოში არა ერთი და ორი ტოპონიმიკური სახელწოდების დასახელება შეიძლება, რომელნიც მითოლოგიური რეპერტუარიდან არიან მოხმობილი!
ბახვი, ასკანა, არიწკინა მევენახეობა, მეღვინეობის ღვთაების აგუნა-ანგურას სადიდებელ წეს-სახიობაში სიმღერად ისმოდა.
„აგუნა, აგუნა ჩამოიარე ბხუას კარი ჩამოიარე! ჩვენს მამულშია ამოდენა მტევნები, სხვის მამულს ჩხერტი და ფურცლები“ ან „აგუნა, აგუნა, ჩვენსკენ ჩამოიარე ბახვსა ასკანაზე გეიარე „ ...ან „ აგუნა აგუნა, ბახვი ,ასკანა გადმეიტანე .“ ან ანგურა. ანგურა, არიწკინა, არიწკინა, ჩვენს ბუჯერში ტახი თავი, სხვის ბუჯერში ხვლიკის თავი ჩვენს ვენახში გიდლა-გიდლა სხვის ვენახში კიმპალ-კიმპალ“.
გურიის სოფლის სახელები ბახვი, ასკანა, მიჩნეულია ბაკხის (დიონისეს) და ასკანის, არიწკინა კი-მადნეულ მჭედლიძის ღვთაების სახელობიდან ნაწარმოებ სახელდებად .
ყოველივე ამისდა მიხედვით, სრულიად შესაძლებელია რომელიმე საცხოვრებელ ადგილას საქართველოში. ამირან-პრომეთეს მითიოლოგიური ფონდიდან ერთ-ერთი სახელი შერჩენოდა, ---ასეთი სახელია ძალის თუ ძალადობის აღმნიშვნელი “ბია“, რაკი, საქართველოს ზღვისპირეთში, ჩინეთიდან და ინდოეთიდან საქართველოზე გამოვლით, შავიზღვისპირეთისკენ მომავალ სავაჭრო გზაზე ქართველური ტომების გვერდი-გვერდ ბერძნებიც ვაჭრობდნენ და ხელოსნობდნენ, რაკი ანტიკური ხანის საქართველოში თეატრებიც არსებობდა, გამორიცხული არ არის იმის ვარაუდი რომ ფაზისსა, აფსურტესა, დიოსკურიასა და ქვეყნის შიდა ქალაქების კუტაიასა და უფლისციხეს, მცხეთასა, სარკინესა და ძალისში იდგმებოდა ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე“ და აქედან შესაძლებელია, ერთ-ერთი პერსონაჟის სახელი „ბია“ იმ გეოგრაფიულ ადგილს რქმეოდა სადაც ამირანიანის ამსახველი „მალანურობა“ იმართებოდა. ამ შემთხვევში ასეთ სახელდებას ამირანისთვის ბიასაგან მოვლენილი ვაი-უშველებელის აცილების მაგიური დანიშნულება უნდა ჰქონოდა.
არის მეორე ვარაუდიც, რომ ძველბერძნულში ამირანთან ერთად ქართველური დემონის „ბია“-ს სახელიც შესულიყო, იმის მსგავსად, რასაც პტოლემეოსი აღნიშნავს „ელადის აღწერაში“, სპარტა-ტერასის გზის უძველეს სალოცავად არესის საკურთხეველს ასახელებს და თან დასძენს: „არესის ქანდაკება აქ მოიტანეს დიოსკურებმა კოლხეთიდან, არესს აქ უწოდებენ „თერითეს“ და ძალიანაც შესაძლებელია, რომ „თერითეს“ სახელწოდება კოლხებისგან არის ნასესხები“.
გარდა ყოველივესი, რაც მალანურობის სიმბოლიკისა და შინაარსის ანალიზისას გაირკვა, ამირანიანისა და მალანურობის ურთიერთობის და კავშირის შესახებ, იბადება კითხვა, არის თუ არა ისეთი ეჭვმიუტანელი მონაცემი, რიტაც ხელშესახებად დასტურდება „ბია“-სა და მალანურობის კავშირი? ასეთი რამ აღმოჩნდა ანთროპონიმთა ლექსიკონში - ქართველურ საკუთარ სახელებში, სახელდობრ, მამაკაცის სახელი „მალბია“ (ალ. ღლონტი ქართული საკუთარი სახელები, ანთროპონიმთა ლექსიკონი, თბილისი, 1967, გვ. 100). „მალბია“ სახელი - ორი ფუძისაგან შედგება „მალ“ (სვანურად მელია) და „ბია“ ძალა, ძალადობა, ღვთაება. ამისდა მიხედვით, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მალანური არის „მალბია“ - მელის სახით წარმოდგენილი ძალის ღვთაება, რაც „მალანურობაში“ მალანურის მთელ რიგს ასპარეზობაში ძალისა და სიმარჯვის საჯარო ჩვენებებით ცხადდება, რაც თავისთავად, ეს ასპარეზობანი ეგების ამირანის და მთავარღვთაების ძალის ჩვენებაში საბედისწერო შეჯიბრის გადანაშთს წარმოადგენს.
წყარო: ლევან ღვინჯილიას ბლოგი