23 ივნისს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გაიმართა. 400 მეტრზე რბენაში გოგონათა შორის გამარჯვება ანი კვარაცხელიამ (ქვემო ქვალონი) მოიპოვა, ხოლო ვაჟებში აბსოლუტური ჩემპიონი ლუკა ახალაია (ქვემო ქვალონი) გახდა. ჩემპიონი ახალგაზრდები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. პირველობაში მონაწილე ყველა ახალგაზრდას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სიგელები და მაისურები გადაეცათ. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ლატარია ესწრებოდნენ. საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიზანი - ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში საზოგადოების ფართო მასების ჩაბმაა.