ირაკლი გოგუა |
წარჩინებით დაამთავრა ხობის №1 საჯარო სკოლა. მისი პედაგოგები დღესაც სიყვარულით, უფრო სწორად, სიამაყით იხსენებენ და-ძმის სოფიო და ირაკლის მოსწავლეობის პერიოდს.
ხობს არასოდეს აკლდა ნიჭიერი ახალგაზრდები. ხშირად ვეხმიანებით მათ და მკითხველს ვუყვებით მათი საქმიანობის შესახებ.
ვიდრე ირაკლის საქმიანობაზე მოვუყვებით მკითხველს, გვინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ მერიის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და ვებგვერდის ადმინისტრირების საკითხებში უფროსი სპეციალისტის ბატონ ირაკლი შონიას მისამართით, რომელმაც ირაკლის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა იმის დასტურად, რომ გამოხატოს სურვილი უფრო მრავალფეროვანი და წაკითხვადი იყოს ჩვენი გაზეთი.
სწორედ ბატონი ირაკლის მეშვეობით დაგვიკავშირდა ირაკლი გოგუა და მის მიერ გავლილ სასახელო ცხოვრებაზე მოგვიყვა.
2007 წელს წარჩინებით დავამთავრე ქ.ხობის №1 საჯარო სკოლა, ქ. თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატი, მაგისტრატურა-კრაკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტში, დოქტურანტურა ვარშავის ეკონომიური უნივერსიტეტში.
პოლონეთში პირველად 2012 წელს ჩამოვედი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 1 წლიანი პროგრამით. შემდეგ, გადავწყვიტე მაგისტრატურის პროგრამებზე მეცადა ბედი, რამოდენიმე რთული ეტაპის შემდგომ ჩავირიცხე, ქალაქ კრაკოვის ეკონომიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე, მოვიპოვე პოლონეთის მთავრობის სწავლის სრული დაფინანსება, ყოველთვიური სტიპენდიით.
უნივერსიტეტი ერთ-ერთი ძლიერი ალმა მატერია თავისი სამეცნიერო კვლევებით, საერთაშორისო აღიარებით და გაცვლითი პროგრამებით. ეს იყო ჩემთვის უნიკალური შესაძლებლობა გავცნობოდი ევროპულ განათლებას და მიმეღო შესაბამისი უნარები, გამოცდილება სწავლის ფარგლებში. ასევე, ერასმუსის სტიპენდია მოვიპოვე, რომელმაც მომცა შესაძლებლობა მესწავლა საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნეს სკოლაში, სტრასბურგის უნივერსიტეტში, რომლის ფარგლებში სტაჟირება გავიარე ევროპულ პარლამენტში.
მქონდა, შესაძლებლობა მიმეღო მონაწილეობა რამოდენიმე საერთაშორისო კონფერენციებში. ვიყავი როგორც მომხსენებელი, ასევე ორგანიზატორიც. განსაკუთრებით, გამოვარჩევდი პოლონურ-ქართული კონფერენციის ორგანიზატორობას, რომლის შემდგომ მოხდა ბილატერიული შეთანხმების მიღწევა, რომელიც ითვალისწინებს ქართველი სტუდენტების პოლონეთში სამეცნიერო-საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას. შემიძლია ვთქვა, რომ ქართული დიასპორის წევრი ვარ პოლონეთში და აქტიურად ვიღებ მონაწილეობას ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. მაგისტრატურის ხარისხის მინიჭების შემდეგ, გადავწყვიტე დოქტორანტურაზე შემეტანა საბუთები, საბედნიეროდ, აქაც, მოვიპოვე პოლონეთის მთავრობის სწავლის სრული დაფინანსება, ყოველთვიური სტიპენდიით, პოლონეთის საუკეთესო ეკონომიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე.
უნივერსიტეტის ბაზაზე სამეცნიერო კვლევებზე მუშაობის უნიკალური შესაძლებლობა მაქვს. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული მაქვს სამეცნიერო ნაშრომი (Opportunities and risks of
globalization: The of globalization on international business).
ამჟამად ვმუშაობ, რა თქმა უნდა სადოქტორო თემაზე. დოქტორანტურის პარალელურად, ვმუშაობ, საერთაშორისო ამერიკულ საინვესტიციო ბანკში, მთავარ ანალიტიკოსად. რადგან პრაქტიკული უნარების განვითარება უმნიშვნელოვანესია გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია წარმატებები ვუსურვოთ მას, რადგან როგორც ჩანს, მისი ნიჭიერება ყოველდღიურად ფრთებს შლის და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში მის წარმატებებზე უფრო ვრცლად მოვუყვებით მკითხველებს.
მერი ლაგვილავა
გაზეთი „ხობის მოამბე“
№6 20 ივნისი 2019 წელი
№6 20 ივნისი 2019 წელი