ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძართან მოხდა. არსებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომანქანის მძღოლს ჩაეძინა და „ბმს“ მარკის ავტომობილს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ერთს ჭრილობა აქვს შუბლის არეში, სავარაუდოდ, ტვინის შერყევაც და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე იქნება გადასაყვანი. მეორე პირს პოლიტრავმა აღენიშნება, ნეკნების მოტეხილობა და კატასტროფის ბრიგადა გადაიყვანს სხვა კლინიკაში, მესამეს კი ზოგადი დაზიანებები აქვს მიღებული სარკის ნამსხვრევებით სახის არეში“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ხობის საავადმყოფოს მორიგე ქირურგმა თენგიზ გაბელიამ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.