28 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა და ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი გიორგი ფარეშიშვილი უძღვებოდნენ. 18 თვიანი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მიზანი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდებაა. შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის“ გაცემული, ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.