საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ და კომიტეტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ ისაუბრეს კომიტეტის მიერ 2018 წელს განხორციელებული რეფორმების, ამ რეფორმებით მიღებული სიკეთეების და სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ. შეხვედრაზე მოქალაქეებს გააცნეს „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონი და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები. შეხვედრის მიზანი იყო მოქალაქეებს უშუალოდ კანონმდებლებისგან მიეღოთ ინფორმაცია ორი მთავრი რეფორმის შესახებ, რომელიც კომიტეტმა 2018 წელს განახორციელა და მეორე მხრივ, დეპუტატებს მოსახლეობისგან მოესმინათ მათი წინადადებები და კომენტარები შემდგომი რეაგირების მიზნით. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღო. დეპუტატებმა, უშუალოდ მოსახლეობის მხრიდან მოისმინეს პრობლემები და ისაუბრეს მათი აღმოფხვრის გზებზე. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, მაჟორიტარი დეპუტატის და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა.