ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი დღეს მერიასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. მათი თქმით, ჯამში საუბარია შარშანდელი, 81 ათას ლარის დავალიანებაზე. ფეხბურთელებს დღემდე არ მიუღიათ 5-6 თვის ხელფასი. გუნდის კაპიტანმა გიორგი გოგენია „ლაივპრესს“ უთხრა, რომ კლუბი პრაქტიკულად დაშლილია, რომლის შენარჩუნებასაც ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.
გუნდს 2016 წლამდე ხობის მერია აფინანსებდა. ის მერიის ბალანსზე დღემდე რჩება, თუმცა კერძო ინვესტორი აფინანსებს. ეს ინვესტორი ამ ეტაპზე კლუბისთვის თანხის გამოყოფას ვერ ახერხებს, რადგან გიორგი გოგენიას თქმით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
კაპიტნისვე თქმით, მას შემდეგ, რაც ინვესტორი გამოუჩნდათ, მოიწვიეს ახალი ფეხბურთელები, მწვრთნელები. თუმცა ამ ყველაფერმა სახელფასო ფონდის ზრდა გამოიწვია. შესაბამისად, რა თანხაც ერთ წელზე ჰქონდათ გაწერილი, მხოლოდ სამ თვეს ეყოთ.
ამბობს, რომ კლუბი იღებს თანხას, 250 ათასი ლარის ოდენობით ფეხბურთის ფედერაციის ფონდისგან, თუმცა ამ თანხიდან ასი ათას ლარამდე ხელფასებს ხმარდება. დანარჩენი თანხა სხვა ხარჯებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, გიორგი გოგენია განმარტავს, რომ ამ სახსრებს ისინი ვერ იყნებენ, სანამ 81 ათასი ლარის დავალიანება არ დაიფარება და არ განულდება. კერძოდ, დარჩენილი თანხა ამ დრომდე გაყინულია.
„არეულობის დროს არ დაშლილა გუნდი 90-იან წლებში. ჩვენი მოთხოვნაა არ დაიშალოს გუნდი და მერია დავალიანების დაფარვაში დაგვეხმაროს. ხობის რაიონს დაუბრუნონ ისევ ის ღირსება, რაც ჰქონდა დღემდე და გუნდი შეუნარჩუნონ. მერიას არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ფული არ აქვთ“, - გვითხრა გიორგი გოგენიამ.
გუნდის კაპიტნის თქმით, მეორე ლიგაში გადასვლა სურდათ ახლადშეძენილი ფეხბურთელებით, თუმცა დღეს კვლავ მესამე ლიგაში, მეხუთე პოზიციაზე რჩებიან.